გიორგი შარაშიძე – სააკაშვილი ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ უნდა გაჩუმდეს? აფხაზეთთან მიმართებით ყოველდღე უარეს განცხადებას აკეთებს, რითაც პირდაპირ კვებავს „ოცნების“ პროპაგანდას

13:27, 04.09.2026

სააკაშვილი ხომ უნდა ხვდებოდეს, რომ უნდა გაჩუმდეს? ერთადერთი, რასაც აკეთებს, „ოცნების“ პროპაგანდას კვებავს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, სააკაშვილი აფხაზეთთან მიმართებით ყოველდღე უარეს განცხადებას აკეთებს.

„ხელისუფლებას სჭირდება საბაბი, რამდენად ცუდი არიან სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენად კარგია „ოცნება“. სააკაშვილი ამას ხომ უნდა ხვდებოდეს, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ მისი განცხადებები დანაშაულებრივია. როგორც ჩანს, ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს და შემთხვევითი არ არის. როგორ შეიძლება, ეს დამთხვევა იყოს და დროში ემთხვეოდეს ბარამიძის, გვარამიასა და სააკაშვილის განცხადებები, რომელიც უკვე აღარ ჩერდება და აფხაზეთთან მიმართებით ყოველდღე უარეს განცხადებას აკეთებს? ეს განცხადება, გარდა იმისა, რომ დანაშაულებრივია, პირდაპირ კვებავს „ოცნების“ პროპაგანდას“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პირველ აგვისტოს დაწერა: „ვისაც ჰგონია, რომ აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის გზა, მაქსიმუმ, 50000 აფხაზის შემორიგებაზე გადის მხოლოდ, იმას თავში, აზრების ნაცვლად, ტყლაპი აქვს“.

ამასთან, 2 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე 45 ათასი ეთნიკურად აფხაზი შესახლებულია წართმეულ სახლებში, ყაჩაღები ჯერ ამ სახლებიდან არიან გასაყრელი და ქართულ სახელმწიფოს თუ აღიარებენ, პრობლემა არ შეექმნებათ“.

მსგავსი