გიორგი შარაშიძე – პოლიტიკოსებს რაიმეს თავი თუ აქვთ, „ოცნებას“ ქმედებებით დაუპირისპირდნენ, ახალგაზრდები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყვნენ გამოყენებული, ეს ხალხი ქვეყანას, საპროტესტო მოძრაობას სჭირდება

12:07, 03.09.2026

პოლიტიკოსებს რაიმეს თავი თუ აქვთ, „ოცნებას“ ქმედებებით დაუპირისპირდნენ, ახალგაზრდები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყვნენ გამოყენებული, ეს ხალხი ქვეყანას, საპროტესტო მოძრაობას სჭირდება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, არავის აქვს უფლება, პატიმრის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ მოიქცეს.

„რა თქმა უნდა, ეს ხალხი თავისუფლებაზე უნდა იყოს. მათი საქმეები რომ უსამართლოა, ეს ყველასთვის გასაგებია. ამ ხალხის უმრავლესობა სასჯელს ტყუილად იხდის და ეს ფაქტია. ეს ადამიანები თავისუფლებაზე უნდა იყვნენ და ამისთვის ყველანაირი მექანიზმი უნდა გამოიყენონ. სხვა ადამიანების ბედით მანიპულირების უფლება არავის აქვს. ვინც თავისუფალია, შეწყალებას ვულოცავ. ვისურვებდი, ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ. 4 ოქტომბრის უპასუხისმგებლო პროვოკაციის შედეგად კიდევ ათობით ადამიანი პატიმარი სრულიად უსამართლოდ გახდა. ამ დროს, ვინც ამ ადამიანებს ამისკენ მოუწოდებდნენ, არათუ არ აუღიათ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ბოდიშიც არ მოუხდიათ. ადამიანების ბედით მანიპულირება მიუღებელია, არც პოლიტიკური და არც სხვა მიზნებით. პოლიტიკოსებს რაიმეს თავი თუ აქვთ, „ოცნებას“ საკუთარი ქმედებებით დაუპირისპირდნენ. ახალგაზრდები პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა იყვნენ გამოყენებული, ეს ხალხი საკუთარ ქვეყანას და საპროტესტო მოძრაობას სჭირდება“, – განაცხადა შარაშიძემ.

მსგავსი