გიორგი შარაშიძე – „ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ტურიზმის განვითარებით ამართლებს, ასე შეიძლება, პროსტიტუციაც და ნარკომანიაც დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი
„ოცნება“ საქართველოს აზარტული თამაშების ქვეყნად გადაქცევას ცდილობს და ამას ტურიზმის განვითარებით ამართლებს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე შეიძლება, პროსტიტუციაც დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი.
„დიდი ბოდიში, მაგრამ რა ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი? თუ ტურიზმი გვინდა, კი ბატონო, ასე შეიძლება, პროსტიტუციაც დააკანონოს და აყვავდება ტურიზმი. ასევე შეიძლება, ნარკომანია დააკანონოს და კიდევ უფრო აყვავდება ტურიზმი. ასეთი ტურიზმი გვინდა? ასეთი ეკონომიკა? ჩვენი შვილების, ახალგაზრდების და ოჯახების დაღუპვის ხარჯზე გამდიდრება გვინდა? ეს არის სწორედ „ოცნების“ მიზანი. როდესაც „ოცნებამ“ გადაწყვიტა პარტიების აკრძალვა, მისი მთავარი მიზანი ისაა, რომ ყოველგვარი ოპონირების, წინააღმდეგობის გარეშე ქვეყნისთვის ასეთი დამღუპველი კანონები მიიღოს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს საპატრიარქოს მოვუწოდო, დაგვეხმარონ, ამ საკითხში ჩაერთონ. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებით სარგებლობს და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება, აზარტული თამაშების ამ დონეზე განვითარება საქართველოში. პარლამენტში კანონპროექტი ორშაბათს შემოვიდა, სამშაბათს უკვე განიხილეს და დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით უნდა მიიღოს. რა ისეთი გადაუდებელი ამოცანაა აზარტული თამაშების დაკანონება, რომ ასეთი დაჩქარებული წესით სურთ კანონის მიღება? რა თქმა უნდა, ეს, სულ მცირე, ეჭვებს აჩენს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.