გიორგი შარაშიძე – „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილზე დგას, სააკაშვილს ჭკუა თუ აქვს, ხანდახან უნდა გაჩერდეს ან ისეთი რაღაც არ ილაპარაკოს, რაც ისევ „ოცნებას“ აძლიერებს
„ოცნება“ დღეს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სააკაშვილზე დგას, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, მიხეილ სააკაშვილი როგორ აძლევს საბაბს „ოცნებას“, მისი წერილები საკუთარი პროპაგანდის გასაძლიერებლად გამოიყენოს.
„სამწუხარო რეალობაა, რაშიც ვართ. რა თქმა უნდა, ნდობის აღდგენა მნიშვნელოვანია და თუ სააკაშვილი ამას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ის ამით ხელისუფლების პროპაგანდას აძლიერებს. ეს პირველი შემთხვევა არ არის და სამწუხარო რეალობაა. რა თქმა უნდა, სააკაშვილს არ ვეთანხმები. გარდა იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი გადის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ მომავალზე, ასევე ნდობის აღდგენაზე გადის. ის, რომ ბევრი ჭრილობა და ტკივილია, ეს ვიცით. მორიგ ჯერზე ამ ტკივილის გახსენება საჭირო არ არის. სჯობს, ვისაუბროთ იმაზე, როგორ შევძლოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზებით. „ოცნება“ ქართველ ხალხს ფსევდოპატროტულ ნარატივს სთავაზობს და ცდილობს, ხალხს დაანახოს, როგორი ცუდია „ნაცმოძრაობა“ და კარგია თავად. სააკაშვილს თუ ჭკუა აქვს, უნდა გაჩერდეს ხანდახან ან ისეთი რაღაც არ ილაპარაკოს, რაც შემდეგ ისევ „ოცნებას“ აძლიერებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.