გიორგი შარაშიძე - მიუღებელია ნებისმიერი ძალადობრივი დამხობა, თუნდაც ამაზე საუბარი, არ ვიქნებით 4 ოქტომბრის აქციაზე, რადგან ეს აქცია გასცდა თავდაპირველ მოთხოვნებს
მიუღებელია ნებისმიერი ძალადობრივი დამხობა, თუნდაც ამაზე საუბარი. ამაზე საუბარი დღეს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე თუ ვინმეს აწყობს, პირველ რიგში, ეს არის „ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არის შეთანხმებული, რომ აღარ შეიძლება, ამ ქვეყანაში განმეორდეს არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება და არ შეიძლება, დღეს ვიღაც საუბრობდეს რადიკალიზაციაზე, დამხობაზე.
„ჩვენს პოლიტიკურ ძალას ყველაზე მეტად სურს ჩვენს მოქალაქეებთან ერთად „ოცნების“ დამარცხება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ მშვიდობიანი გზებით და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავიდეთ არჩევნების გზით. არ ვიქნებით იმ აქციაზე, რადგან ეს აქცია გასცდა თავდაპირველ მოთხოვნებს, რაც იყო ხელახალი არჩევნების დანიშვნა, უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნება. არც იმაში არ არის გასაკვირი არაფერი, რომ „ლელოს“, შეიძლება, განსხვავებული პოზიციები ჰქონდეს სხვადასხვა საკითხზე. ჩვენ ვპარტნიორობთ და ვთანამშრომლობთ კონკრეტულ საკითხებში საარჩევნო მიმართულებით“, – აღნიშნა გიორგი შარაშიძემ.