გიორგი შარაშიძე – დიალოგის მოთხოვნა ვერ იქნება ჰაერში გასროლილი სიტყვა, უპირველესად, უნდა დადასტურდეს ქმედებით, რაც „ოცნებას“ არ უნდა, „ოცნების“ სურვილია, ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფომ მის ჭკუაზე იაროს
„ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დიალოგი ჩაეკეტა. კარგად იციან, ეს დიალოგი არ გამოვა, რადგან თავად არ აქვთ ამის რესურსი, – ამის შესახებ პარტიis „გახარია საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების ნაცვლად, გაწევრიანების პროცესის შეჩერებას ევროკავშირს აბრალებს.
„დიალოგი როდესაც გაქვს ჩახვეული, რამდენჯერმე ახსენებ და არანაირ მზაობას არ გამოხატავ, ეს რა არის? დიალოგი მხოლოდ მზაობა ვერ იქნება. დიალოგისთვის მაშინ ხარ მზად, როდესაც საკუთარი ქმედებებით მზაობას ადასტურებ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც უბრალოდ ამბობ, რომ დიალოგია მთავარი. ამ ვითარებაში „ოცნებასთან“ დიალოგი ვერც გაიმართება, იმდენად დააზიანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებით. ახლა დიალოგი ფიზიკურად არ შედგება ოპოზიციის ერთი ხელის მოსმით ამკრძალავ პარტიასთან.
ვის როგორ წარმოუდგენია დიალოგი? ეს ვერ მოხდება. „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დიალოგი ჩაეკეტა. კარგად იცის, რომ ეს დიალოგი არ გამოვა, რადგან თავად არ აქვთ ამის რესურსი. ახლაც დიალოგის შეჩერებას ევროკავშირს აბრალებენ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, რატომ გაჩერდა გაწევრიანების პროცესი. ახლაც ვხედავთ, როგორც აბრალებენ ევროკავშირს ამ ყველაფერს. დიალოგის მოთხოვნა ვერ იქნება ჰაერში გასროლილი სიტყვა, უპირველესად, უნდა დადასტურდეს ქმედებით. ქმედება კიდევ „ოცნებას“ არ უნდა. „ოცნებას“ უნდა, რომ ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფომ მის ჭკუაზე იაროს, რაც არ მოხდება, რადგან არავის არ უნდა, რომ საქართველოში ავტორიტარული რეჟიმი იხილოს“, – განაცხადა შარაშიძემ.