გიორგი შარაშიძე - დანაშაული თუ დადასტურდა, სანქციები კი არა, ყველაფერი ლოგიკური იქნება, საჭიროა გამოძიება, ოღონდ არა ადგილობრივი, არამედ სანდო და რეპუტაციული
გიორგი შარაშიძე - დანაშაული თუ დადასტურდა, სანქციები კი არა, ყველაფერი ლოგიკური იქნება, საჭიროა გამოძიება, ოღონდ არა ადგილობრივი, არამედ სანდო და რეპუტაციული

იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, როდესაც მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ გამოყენებულია კანონით აკრძალული ქიმიური იარაღი, რომ სათანადო გამოძიების გარეშე არ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

კითხვაზე, ლოგიკურია თუ არა ჰელსინკის კომისიის მოთხოვნა სანქციებზე, შარაშიძემ აღნიშნა:

„ყველაფერი ლოგიკური იქნება. მძიმე დანაშაული თუ დადასტურდა, სანქციები კი არა, გაცილებით მძიმე სასჯელიც შეიძლება ეკუთვნოდეს იმ პირებს. პირველ რიგში, საჭიროა გამოძიება, ოღონდ არა ადგილობრივი გამოძიება, რომლის მიმართაც საზოგადოებაში არანაირი ნდობა არ არსებობს, არამედ სანდო, რეპუტაციული და ავტორიტეტული. ისეთი გამოძიება, რომლის მიერ გამოტანილი დასკვნები არავის გაუჩენს კითხვებს. „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გამოიძია სწორედ ამ პერიოდის აქციებზე, არათუ გადაცდომების, არამედ პირდაპირი დანაშაულების შესახებ, რასაც პოლიციელები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადიოდნენ. არათუ ერთი პოლიციელი დასჯილა, საქმეც არ აღძრულა არავის მიმართ. კარგად იცით, მშვიდობიანი ახალგაზრდები, და არამხოლოდ ახალგაზრდები, როგორ არიან ნაცემები, ლამის სიკვდილამდე მიყვანილები. ამის შემდეგ გასაკვირი არ იქნება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ არაფერი გამოიძიოს ან ისე გამოიძიოს, როგორც მას სჭირდება. ამიტომ საჭიროა დამოუკიდებელი გამოძიება.

ჰელსინკის კომისიის წარმომადგენლებმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“.