გიორგი შარაშიძე – ჩვენთვის მთავარი ის კი არ არის, როგორ აკრიტიკებს პეტერ მადიარი ევროკავშირის მიგრაციულ პოლიტიკას, არამედ ის, რომ ქართველები ემიგრაციაში ევროკავშირის ქვეყნებში მიდიან

13:21, 01.09.2026

ევროკავშირი იმიტომ არის ევროკავშირი, რომ დემოკრატიის პირობებში ყველა საკითხს გადაჭრის და მოდით, ჩვენ საკუთარ თავს მივხედოთ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქცენტი საქართველოში არსებულ მიგრაციულ პრობლემებზე უნდა გაკეთდეს.

„ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას, პეტერ მადიარის გარდა, კიდევ ბევრი სხვა აკრიტიკებს. შეიძლება, ჩვენც გვქონდეს კონკრეტული პრეტენზიები მიგრაციის პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ევროკავშირი იმიტომ არის ევროკავშირი, რომ დემოკრატიის პირობებში ყველა საკითხს გადაჭრის და მოდით, ჩვენ საკუთარ თავს მივხედოთ. იმ პრობლემებს მივხედოთ, რაც დღეს საქართველოშია, მათ შორის მიგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარი პრობლემა და გამოწვევა ის კი არ არის, მადიარი როგორ აკრიტიკებს ევროკავშირის მიგრაციის პოლიტიკას, არამედ ის, რომ ქართველები ყოველდღიურად საქართველოდან, უპირველესად, ევროკავშირის ქვეყნებში გადიან. მათ შორის ახალგაზრდები, ის ხალხი, რომელიც დღეს დოვლათს და კეთილდღეობას საქართველოში უნდა ქმნიდეს. მათ ადგილს ვინ იკავებს, ხომ არ შეგახსენოთ? ყველამ კარგად ვიცით, ვინც იკავებს. როდესაც ამ თემებზე ვსაუბრობთ, ამ თემისგან მტრის ხატი კი არ უნდა შევქმნათ, როგორი ცუდია ევროკავშირი, არამედ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ევროკავშირის საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით შენიშვნები და პრეტენზიები ტრამპსაც ჰქონდა. ასე რომ, აქ პრობლემა არ არის, ევროკავშირი თავის თავს მიხედავს, ჩვენ ჩვენს თავს მივხედოთ“, – განაცხადა შარაშიძემ.

მსგავსი