გიორგი შარაშიძე – არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიხეილ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, მას არაერთ დანაშაულში მიუძღვის ბრალი და პასუხი უნდა აგოს
ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიხეილ სააკაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად მიუძღვის ბრალი არაერთ დანაშაულში ქართველი ხალხის წინაშე და მან ამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს.
„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის. შესაბისად, მისი პოლიტპატიმრად შერაცხვის ნებისმიერი მცდელობა სწორი არ არის. არ ვიცი, სააკაშვილს კონკრეტულად რა ინტერესი აქვს ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ პოლიტპატიმრად მოხსენიებული არ არის, ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად მიუძღვის ბრალი არაერთ დანაშაულში ქართველი ხალხის წინაშე და ის ვალდებულია, ამ დანაშაულზე პასუხი აგოს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სამწუხარო, გაუგებარი და საგანგაშოა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მომზადებული ანგარიში საქართველოში პოლიტიკურ პატიმართა მდგომარეობის შესახებ, რომელშიც იგნორირებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობის სტატუსი და მის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული ტიპის რეპრესიების მთელი კასკადი“.