გიორგი შარაშიძე – 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან გაემიჯნა პროვოკაციას

12:26, 30.10.2026

საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ნახავს, ჩვენი სამართლებრივი არგუმენტების გამოყენებით, როგორ ჩამოეშლება და ჩამოენგრევა „ოცნებას“ თავზე აბსურდული და შეთითხნილი სარჩელი, — ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

შარაშიძის თქმით, პარტია სარჩელს ბოლოს ხელოვნურად და უარგუმენტოდ დაამატეს.

„რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი მარცხი „ოცნებისთვის“, როდესაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში იხილავს მათ აბსოლუტურად ცრუ განზრახვას, თითქოს ქვეყნის გადარჩენისთვის იბრძვიან. ქვეყნისთვის მათი ქმედებები უკიდურესად დამაზიანებელი და საშიშია, რადგან მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთპარტიული მმართველობა, დიქტატურა, მხოლოდ ფასადური დემოკრატია, ხელოვნური ოპოზიციური პარტიები. ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ძალაუფლების ყველა შტო და ახლა გადაწყვიტა, რომ ოპოზიციაც თავად დანიშნოს და ქართველ ხალხს აუკრძალოს მათთვის სასურველი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა.

უკიდურეს შემთხვევაში კი, რომელიმე ოპოზიციური პარტიისთვის ხმის მიცემის ნებას თუ დართავს ქართველ ხალხს, ისიც თავად უნდა მონიშნოს და თავად უნდა განსაზღვროს, რომელ პარტიას ექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობის. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ნახავს, როგორც ჩამოენგრევა ხუხულასავით „ოცნებას“ აბსურდული ე.წ. სამართლებრივი არგუმენტი. ჩვენს პარტიას კონსტიტუციის არცერთი მუხლი არ დაურღვევია. 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა. 4 ოქტომბრის პროვოკაციას უფრო მეტ პროპაგანდას „ოცნება“ უწევდა. რატომ? იმიტომ, რომ ეს იყო „ოცნების“ ინტერესებში და პროვოცირებული. ჩვენ კი კარდაკარ, ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და ხალხს მოვუწოდებდით, არა იმდენად ჩვენი პარტიისთვის ხმის მიცემას იმ არჩევნებში, არამედ ზოგადად არჩევნებში მონაწილეობას. ასე რომ, ეს 4 ოქტომბერი ერთ-ერთი მაგალითია, რამდენად აბსურდულია ე.წ. ბრალდებები ჩვენი პოლიტიკური პარტიის მისამართით“, — განაცხადა შარაშიაძემ.

მსგავსი