გიორგი სამხარაძე - მადლობა ირაკლი მეძმარიაშვილს ერგნეთის სტადიონის პროექტის მხარდაჭერისთვის #1TVSPORT
სპორტულ-სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ყოფილმა საფეხბურთო არბიტრმა, გიორგი სამხარაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილს, რომელმაც პარლამენტში ერგნეთის სტადიონის კეთილმოწყობის საკითხი წამოჭრა.
„მადლობა ირაკლი მეძმარიაშვილს, რაგბის კავშირს და მთელ საპარლამენტო გუნდს მხარდაჭერისთვის“, – წერს გიორგი სამხარაძე.
ირაკლი მეძმარიაშვილმა პარლამენტში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატშია წარდგა, ერგნეთში სპორტული ობიექტების მშენებლობაზე თხოვნით მიმართა.
„ეს ეხება ერგნეთში მოქმედ სტადიონს, სადაც ბავშვები ვარჯიშობენ ფეხბურთსა და რაგბში. მოედნიდან 500 მეტრში არის დროებითი გამყოფი ზოლი. ყოველი ვარჯიშის დროს იმ მხრიდან იკრიბებიან ბავშვები და თანატოლებს ამხნევებენ. მე მინდა გთხოვოთ, ამ საკითხს შეხედოთ არა სპორტული კუთხით, არამედ, პოლიტიკურით. როდესაც ამის განხილვა გვქონდა, პოზიციამაც და ოპოზიციამაც ერთხმად დაუჭირა ამას მხარი. პროექტი ძვირად ღირებული არაა. მე პროექტს გადმოგცემთ და იქნებ, მომავალ წელს დავიწყოთ, 2024 წელს კი მგფ-ის (მუნიციპალური განვითარების ფონდი) ბიუჯეტში გავითვალისწინოთ“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე სოფელ ერგნეთში სპორტულ-სამშვიდობო პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 2024 წლის პრიორიტეტებში მისი დაჩქარებული წესით მშენებლობის იდეა მოიწონეს.
საქართველოს პარლამენტთან ერთად პროექტის თანაორგანიზატორია სპორტულ-სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ყოფილი საფეხბურთო არბიტრი გიორგი სამხარაძე. მან კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ დრომდე განხორციელებულ საქმიანობაზე.
პროექტის ორგანიზატორების მიზანია, დროებით გამყოფ ხაზთან, სოფელ ერგნეთში აშენდეს სპორტული კომპლექსი, სტადიონი და ახალგაზრდობის განვითარების სივრცე, სადაც ომით დაზარალებულ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება სპორტში ჩაერთონ, ინოვაციური ტექნოლოგიები შეისწავლონ და კულტურული კერები შექმნან. სამხარაძის აზრით, სპორტული პროექტების განხორციელება ოსი და ქართველი ხალხის დაახლოებას ხელს შეუწყობს.