გიორგი რურუა - ამნისტიის პუნქტი საკანში რომ მოვისმინე, ვერ მივხვდი, რა იყო, მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ, სამწუხაროდ, ეს შეგვეშალა
გიორგი რურუა - ამნისტიის პუნქტი საკანში რომ მოვისმინე, ვერ მივხვდი, რა იყო, მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ, სამწუხაროდ, ეს შეგვეშალა

გიორგი რურუა, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება შეწყალების საფუძველზე დატოვა, აცხადებს, რომ შეთანხმებაში არსებული ოთხი პუნქტი მისაღებია, ხოლო ამნისტიასთან დაკავშირებით შეეშალათ.

გიორგი რურუა პარლამენტში შესულ დეპუტატებს წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, ნიკა მელია სწრაფად უნდა გათავისუფლდეს და „ნაციონალური მოძრაობაც“ შევიდეს საკანონმდებლო ორგანოში.

„პარლამენტში ვინც შევიდა, იმ დეპუტატებს ვუსურვებ წარმატებას, მე ვფიქრობ, ეს არის წარმატება, თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა, რომ ის ერთი პუნქტი საკანში რომ მოვისმინე, მეც ვერ მივხვდი, რა იყო, ამნისტიას ვგულისხმობ. მეც ჩემს თავზე ვიღებ, რომ ეს შეგვეშალა და, სამწუხაროდ, ასე მოხდა. დანარჩენი ოთხი მისაღებია და ვფიქრობ, ის ოთხი პუნქტი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ახლა ნიკა უნდა გამოვიდეს სწრაფად, ვფიქრობ, „ნციონალური მოძრაობაც“ უნდა შევიდეს პარლამენტში და დანარჩენი პარტიებიც“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

რაც შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, რურუას თქმით, მას დარეგისტრირების შემდეგ შეაფასებს.

თუმცა, კითხვაზე, „როგორ ფიქრობთ, უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისის შემოქმედები არიან?“, – რურუა პასუხობს: „რა თქმა უნდა, თქვენც ხომ ასე ფიქრობთ“.

რურუას თქმით, მთავარია, გამოუძიებელ საქმეებზე გამოძიება ჩატარდეს და შემდეგ დაზარალებულები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ამნისტიის საკითხზე.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთო ეროვნული ამნისტიაც გამოცხადდეს. ახლა გამოუძიებელ საქმეში რომელ ამნისტიაზე უნდა ვლაპარაკობდეთ? მთავარია, გამოძიება ჩატარდეს, შემდეგ დაზარალებულები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას, აპატიებენ თუ არა. ისინი თუ აპატიებენ, მე პირადად არ ვიქნები წინააღმდეგი, რომ მოხდეს ამნისტია“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

გარდა ამისა, გიორგი რურუას განმარტებით, ნიკა მელიას ადგილას, ევროკავშირის გირაოს მიიღებდა.

„მე ნიკას პირველივე დღეს დიტოს პირით შევუთვალე ჩემი აზრი, ამას ჩემთვის დავიტოვებ, მაგრამ მე რომ ნიკას ადგილზე ვიყო, ევროკავშირის გირაოს მივიღებდი. ნიკასი სრულიად მესმის, ის არის მართალი, პატიმრობას იხდის გავრილოვის ხარკისთვის, მე მგონია, ეს ყველასთვის გასაგებია. ვუსურვებ, მალე დატოვოს ნიკამ საპატიმრო“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ამასთან, გიორგი რურუა ფიქრობს, რომ მისი შეწყალებით დანაშაული გამოასწორეს.

„მე მგონია, უფრო თავისი რაღაც დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა, ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემომთავაზეს, რომ მეღიარებინა დანაშაული, 8 მარტის შეთანხმების შემდეგ. მე უარი ვთქვი, რადგან თავს დამნაშავედ არ ვცნობ“, – განაცხადა რურუამ.

რაც შეეხება კითხვას, „პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდით თქვენს თავსაც, განმარტეთ, რატომ?“, – რურუა პასუხობს: „ამ საქმიანობაში ვიყავი როგორც მოქალაქე, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, ვთქვათ, არასამთავრობოსი, როგორც ფიზიკური პირი. როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობას ვეხმარებოდი, ისე „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ვარ, სამწუხაროდ, იძახიან, რომ 3 500 ლარი მაქვს გადახდილი, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დიტო საძაგლიშვილმაც დადო შესაბამისი საბუთი, რომ მე და ჩემმა ოჯახის წევრებმა გადავიხადეთ გარკვეული თანხა, ამის გამო სახლში მიმავალი დამიჭირეს, იარაღი არც ჩაუდიათ, მიმიყვანეს და მითხრეს, რომ იარაღი გიდევს ჯიბეშიო“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს დღეს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების პარლამენტში მისვლის შემდეგ მოაწერა ხელი.

დატოვე კომენტარი