გიორგი რურუა აცხადებს, რომ მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება 
გიორგი რურუა აცხადებს, რომ მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება 

მე არ ვარ დამნაშავე, ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, – ამის შესახებ გიორგი რურუამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც გიორგი რურუამ აღნიშნა, მასზე და მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება.

„ბატონო მოსამართლე, მინდა, ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა, უბრალო მაგალითი მოვიყვანო – მსოფლიოს, რომელ პარლამენტში, მადუროს, ვენესუელას, ბელორუსიის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები. არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე. ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე, ჩემს მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.