გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილის“ რიგებში სადებიუტო გოლი აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან გაიტანა #1TVSPORT
გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილში“ სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა და გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულთან, საუდის არაბეთის „ალ აჰლისთან“ გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა (4:1).
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბთან კონტრაქტი ახლახან გააფორმა, თუმცა შეკრებაზე დანიურ „სონდერიისკესთან“ გამართული პირველი ტესტმატჩი გამოტოვა.
„ჰოლშტაინ კილი“ თავიდან მდევრის როლში აღმოჩნდა, რადგან 22-ე წუთზე მეტოქე დაწინაურდა. გერმანელებმა წონასწორობა 42-ე წუთზე აღადგინეს, 45+4-ე წუთზე ქართველი თავდამსხმელის გოლით წინ გავიდნენ, ხოლო შესვენების შემდეგ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.
ქვილითაია და „ჰოლშტაინ კილი“ შეკრებაზე კიდევ ოთხ მატჩს გამართავენ, ახალ სეზონს კი 8 აგვისტოს „დარმშტადტთან“ გასვლითი შეხვედრით გახსნიან.