გიორგი ქვილითაიამ დუბლი შეასრულა - „აპოელი“ კვიპროსის ვიცე-ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის შეხვედრაში დუბლი შეასრულა, მაგრამ „აპოელი“ „აპოლონთან“ 2:3 დამარცხდა და ქართველი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის საჩემპიონო ჯგუფის 35-ე ტურის გასვლით შეხვედრაში „აპოლონის“ წინააღმდეგ „აპოელის“ ძირითად შემადგენლობაში, ქვილითაიასთან ერთად, ლაშა დვალიც იყო, მურთაზ დაუშვილი კი სათადარიგოებში დარჩა.

„აპოელი“ 21-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა თავური დარტყმით წინ გაიყვანა, თუმცა პიტასმა (30) ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი „აპოლონი“ დააწინაურა. მე-80 წუთზე ვარდამ მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. 90+3-ე წუთზე კი ქვილითაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა შეხვედრაში.

ამ წაგებით „აპოელმა“ საჩემპიონო შანსი დაკარგა. ბოლო ტურის წინ ქართველების გუნდი 68 ქულით მეორე ადგილზეა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.