გიორგი ქოჩორაშვილი - ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე მოვემზადოთ, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა კომენტარი გააკეთა ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის მოახლოებულ შეხვედრაზე.
„შეკრება 18 მარტს დავიწყეთ. მიხარია, რომ ამ გადამწყვეტ ეტაპზე ნაკრებთან ერთად ვარ. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მოტივირებულია, თუმცა ვცდილობთ, სიმშვიდე შევინარჩუნოთ და ისე მოვემზადოთ, როგორც ყველა მატჩისთვის ვემზადებით“, – ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი.
გიორგი ქოჩორაშვილმა 12 დეკემბერს ესპანეთის ლა ლიგა 2-ის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ვარჯიში თებერვალში განაახლა, მოედანს კი მარტში დაუბრუნდა და „ლევანტეში“ ერთი არასრული თამაშის ჩატარებაც მოახერხა.
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებების ნახევარფინალური შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ. წარმატების შემთხვევაში, „ჯვაროსნები“ 26 მარტს პლეი ოფის ფინალში საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულთან ევრო 2024-ის საგზურისთვის კვლავ თბილისში ითამაშებენ.