გიორგი ქოჩორაშვილი - შოტლანდიასთან და ესპანეთთან ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო მატჩზე, რომელსაც საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში შოტლანდიის წინააღმდეგ 16 ნოემბერს გამართავს, საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ისაუბრა.
„მოახლოებული თამაშები სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ და უფრო მეტად შევთამაშდეთ. ნაკრებში ჩატარებული თითოეული შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჯერ – შოტლანდიასთან, შემდეგ კი ესპანეთთან ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ გუნდი განვითარდეს“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი პირველად ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლმა სექტემბრის მატჩებისთვის გამოიძახა. სადებიუტო შეხვედრა ნორვეგიასთან ჩაატარა, მას შემდეგ კი ზედიზედ სამი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო საშინაო თამაშს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისში, შოტლანდიასთან 16 ნოემბერს გამართავს. „დინამო არენიდან“ შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.