გიორგი ქოჩორაშვილი - ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზით გახარებული ვარ #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზით გახარებული ვარ #1TVSPORT

გიორგი ქოჩორაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და „სარბიელის“ დაჯილდოებაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წლის საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში გამარჯვებით გამოწვეული ემოცია არ დამალა.

„გახარებული ვარ ეროვნული ნაკრების საუკეთესო დებიუტანტის პრიზის დაუფლებით. იმედია, ყოველწლიურად მძაფრი კონკურენცია იქნება ამ პრიზისთვის და ეროვნული ნაკრები მუდმივად მიიღებს ხარისხიან შევსებას. ძალიან მომწონს ქანდაკების ვიზუალი, საკულტო ფილმ ,,ფეოლადან” ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ხვედელიძის ფიგურა. დიდი მადლობა ლევან ვარდოსანიძესა და თემურ ლომიძეს ნამუშევრისთვის.

ეს პრიზი ეკუთვნის ყველა ჩემს გულშემატკივარს: ჩემს ოჯახს, სანდრას, მწვრთნელებს, თითოეულ თანაგუნდელს და ნაკრების შტაბის თითოეულ წევრს. და, რა თქმა უნდა, ჩვენს საუკეთესო გულშემატკივარს, რომლის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ!

ვულოცავ მამარდას დამსახურებული პრიზის მიღებას! დარმწუნებული ვარ, ამ ტიტულს კიდევ არაერთხელ მოიგებს, უკვე პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უმაღლესი დონის სეზონების გამო.

ვულოცავ ბატონ მურთაზ ხურცილავას იმ ღვაწლის დაფასებას, რაც მან ქართული ფეხბურთისა და მის შემდგომ თაობებში ფეხბურთის სიყვარულის გაღვივებისთვის გააკეთა. იმედია, ჩვენი თაობა ღირსეულად გადაიბარებს უფროსი თაობების ესტაფეტას და თითოეული ბავშვისთვის ვიქნებით მაგალითი, რომ ვიყოთ მეტი, ვიდრე ფეხბურთელი!

ძალიან დიდი მადლობა „სარბიელსა“ და მის რედაქციას, ყველაზე ძველი, 1993 წლიდან არსებული და პრესტიჟული გამოკითხვის ორგანიზებისთვის. ასევე, გამოკითხვაში მონაწილე თითოეულ ჟურნალისტს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომელთა ობიექტური კრიტიკა ძალიან საჭიროა პრობლემების შეფასებისა და განვითარებისთვის. შესაბამისად, თქვენგან ქებასა და დაფასებასაც სხვა ფასი აქვს.

წარმატება ქართულ ფეხბურთს! ძალა ჩვენშია! კიდევ ერთხელ, გულითადი მადლობა ,,სარბიელს“, თითოეულ ორგანიზატორსა და მონაწილეს!“ – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.