გიორგი ქოჩორაშვილი „ჟირონაში“ თამაშზე - ესპანეთში არ მიცნობდნენ და ჩემ თამაშს დიდი გამოხმაურება მოყვა
გიორგი ქოჩორაშვილი „ჟირონაში“ თამაშზე - ესპანეთში არ მიცნობდნენ და ჩემ თამაშს დიდი გამოხმაურება მოყვა

გასულ კვირას ქართველი ფეხბურთელებიდან განსაკუთრებული ყურადღება გიორგი ქოჩორაშვილმა მიიქცია.

„საბურთალოს“ გაზრდილი 19 წლის ნახევარმცველი „ჟირონაში“ შარშან გადავიდა და დუბლშემადგენლობისა და 19-წლამდელების წევრი იყო, ესპანეთის ლა ლიგელის მთავარ გუნდში კი მხოლოდ ახლა, ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ათამაშეს – ჯერ „საბადელის“ წინააღმდეგ, შემდეგ „ტოტენჰემთან“.

სპორტსმენი ყვება, როგორ მოხვდა „ჟირონას“ მთავარ გუნდში და რა შანსები აქვს, ლა ლიგაში ადგილი რომ დაიმკვიდროს.

„ჩვენი საყრდენი ნახევარმცველი „ვალიადოლიდში“ გადავიდა და მისი ამპლუის მოთამაშე დასჭირდათ. პირველი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიომ ძალიან დიდი ნდობა გამოხატა და პირველად, „საბადელისთან“ მომცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ამან ესპანეთში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არავინ მიცნობდა და უცებ, მწვრთნელმა პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მათამაშა. ამის შემდეგ იყო, რომ „ტოტენჰემთანაც“ მომეცა შანსი, მართალია მცირე დროით, მაგრამ ესეც სასიამოვნო იყო.

„ტოტენჰემი“ ისეთი გუნდია, მის წინააღმდეგ ბევრი შიშით ითამაშებდა, მაგრამ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა დანარჩენი. კარგი გარემო იყო – სავსე ტრიბუნები და კარგი ქომაგობა, რაც ფეხბურთელს დამატებით მოტივაციას აძლევს. მატჩის შემდეგ მწვრთნელმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა. აღმოჩნდა, რომ „საბადელისთან“ ყველაზე მეტი კილომეტრი თამაშის დროს მე დავფარე, სპრინტებიც საკმაო რაოდენობით დამიგროვდა“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, ესპანურ ფეხბურთს შეეგუა.

„იოლი არაა, აქაურ ტემპს აჰყვე, თუმცა ვცდილობ ავყვე. „საბურთალოში“ აკადემიის დირექტორი ესპანელი ანდრეს კარასკო იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც ბევრი ვისწავლე და ესპანურ ფეხბურთთან შეგუება ამიტომ მიადვილდება. ყველაფერს ვაკეთებ და მომავალშიც შევეცდები, მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. ვფიქრობ, წელს პრიმერა დივიზიონში თამაშის საშუალება მომეცემა, რადგან ესპანეთის ჩემპიონატი ხანგრძლივი ტურნირია. მთავარია, მეორე გუნდში თამაშები მაღალ დონეზე ჩავატარო, დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს“, – ამბობს ფეხბურთელი.