გიორგი ქოჩორაშვილი - ბელგიასა და შვეიცარიას კაპიტნების არყოფნა დაეტყოთ, ეს ორივესთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო #1TVSPORT
გიორგი ქოჩორაშვილი - ბელგიასა და შვეიცარიას კაპიტნების არყოფნა დაეტყოთ, ეს ორივესთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო #1TVSPORT

ევრო 2020-ის მეოთხედფინალური მატჩები „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ესპანეთში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველმა ლეგიონერებმა შეაფასეს – „ლევანტეს“ ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა და „ალავესის“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გაგუამ.

გიორგი ქოჩორაშვილი: „მე ნახევარფინალში იტალიას ვგულშემატკივრობდი და მათი გამარჯვება ძალიან მესიამოვნა. იმიტომ რომ, ძალიან მომწონს მათი სათამაშო სტილი, რომელიც მანჩინის ხელში გააუმჯობესეს. ჩემი აზრით, იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა“.

გიორგი გაგუა: „ჩემი აზრიც ასეთია, რომ იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვა, რადგან დაცვაში ნაკლები შეცდომა დაუშვა და დონარუმას კარგი თამაშიც უნდა აღვნიშნოთ“.

გიორგი ქოჩორაშვილი: „ბელგიას აზარის არყოფნა დაეტყო. ასეთი ინდივიდუალისტის, თანაც კაპიტნის არყოფნა გუნდისთვის დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა. ეს შვეიცარიასაც დაეტყო, რომელმაც ესპანეთთან კაპიტნის, ჯაკას გარეშე ითამაშა. ედენ აზარის ყოფნით ბელგიის ნაკრებში ბევრი რამ შეიცვლებოდა. თუმცა ეს ის აზარი არ იყო, რაც „ჩელსიდან“ გვახსოვდა“.

გიორგი გაგუა: „მსაჯს შეეძლო, რომ იტალიის კარში პენალტი არ დაენიშნა. ასეთ შეხებაზე პენალტი არ იდება“.

გიორგი ქოჩორაშვილი: „იტალია უფრო ჩაკეტილ, კონტრშეტევაზე აწყობილ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა სხვა გუნდია, მაღალ პრესინგს კარგად ასრულებს, დაცვაში კი გამოცდილი ბონუჩი და კიელინი გუნდს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევენ, ხოლო გუნდში ვერატი და ჯორჯინიო რომ გყავს, ძნელია, ბურთი არ დაიჭირო – წინა ხაზშია ინსინიე, რომელიც თამაშის ბედს წყვეტს. ყველანაირად დალაგებული გუნდია“.

გიორგი გაგუა: „ჩემი აზრით, მთავარ ფავორიტებად ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებიც შეიძლება მოიაზრებოდეს, რადგან არცერთი არაა სუსტი. მაგრამ მგონია, რომ ფინალში ინგლისი გავა“.

გიორგი ქოჩორაშვილი: „მე ძალიან მინდა, ფინალში უკრაინა გავიდეს, მაგრამ ინგლისი უფრო იმსახურებს, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავს. უბრალოდ, გული დამწყდება, რომ უკრაინის ნაკრებმა ამდენი შრომის შემდეგ ვერაფერს მიაღწიოს და რაღაც სასწაული არ მოახდინოს. რაც შეეხება ნახევარფინალს, ჩემი აზრით, იტალიასთან ბურთის გაკონტროლებას უფრო ესპანეთი მოახერხებს, რადგან ეს სისხლში აქვთ. იტალია კი შესაძლოა, იმ ძველ ფორმაციას დაუბრუნდეს, რომელიც დაცვიდან თამაშობდა, რადგან დღეს ბევრი შეცდომა დაუშვა“.

გიორგი გაგუა: „ესპანეთს შვეიცარიასთან იმიტომ გაუჭირდა, რომ ძალიან ფრთხილად თამაშობდა. ცოტა მეტად უნდა გაერისკათ. ჩემი აზრით, ლუის ენრიკეს სერხიო რამოსი უნდა გამოეძახებინა. დიდი გამოცდილების მქონე ადამიანია, თანაც ლიდერი“.

გიორგი ქოჩორაშვილი: „ესპანეთს ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავს, მაგრამ ასეთ ტურნირებზე თამაშის გამოცდილება ბევრს არ ჰქონდა. მერე გამოცდილებაც მიიღეს და პლუს, ლუის ენრიკემ დაცვაში ლორენტე ასპილიკუეტათი შეცვალა, რომელმაც მთელი სეზონი მარჯვენა მცველად ჩაატარა. ჩემი აზრით, ესპანეთს დაცვის გაძლიერებაში ესეც დაეხმარა. გუნდს წინ გადაადგილება და ინდივიდუალური თამაშის გაუმჯობესება სჭირდება. ინდივიდუალისტები ჰყავთ, მაგრამ მგონია, რომ ოდნავ შებოჭილები არიან და საკუთარი თავის რწმენა ოდნავ დაკარგული ჰქონდათ. მაგრამ ნახევარფინალში გასვლით ეს უნდა შეიცვალოს. ჩემი აზრით, ბოლო თამაშში ესპანეთის თამაში ბუსკეტსმა შეცვალა. ის რასაც აკეთებს, სხვა ვერ აკეთებს. ჩემი სურვილია, რომ ნახევარფინალში ესპანეთმა გაიმარჯვოს“.

დატოვე კომენტარი