გიორგი ქობულია - ვიმედოვნებთ, „ეარ ფრანსი“ მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით
გიორგი ქობულია - ვიმედოვნებთ, „ეარ ფრანსი“ მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით

მოხარული ვართ, რომ „ეარ ფრანსთან“ (Air France) მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში საფრანგეთის ეროვნული ავიაგადამზიდავის, „ეარ ფრანსის“ მიერ საქართველოში პირველი ავიარეისის შესრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბაზარია ტურისტების მოსაზიდად და ასეთი პირდაპირი ფრენები ტურისტების მოზიდვას ევროკავშირიდან ბევრად გაგვიადვილებს. ვიმედოვნებთ, „ეარ ფრანსი“ მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და ჩვენ მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დღეს შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საფრანგეთის ავიაკომპანიამ „ეარ ფრანსმა“ პირველი რეისი შეასრულა, რომლის პირველი მგზავრი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო. საინაუგურაციო რეისს თბილისის აეროპორტში დახვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია.

„ეარ ფრანსის“ რეისს ასევე ჩამოყვნენ ფრანგი ტუროპერარტორები, ბლოგერები და ჟურნალისტები.

დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, „საქაერონავიგაციის“ გენერალური დირექტორი გოჩა მაზმიშვილი, ასევე ტურიზმისა და საავიაციო სფეროს წარმომადგენლები.

თბილისის აეროპორტში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და ავიაკომპანია „ეარ ფრანს კეიელემის“ კორპორატიული და სავაჭრო დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტი სებასტიან გუიო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქობულიამ ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ საფრანგეთის დედაქალაქთან პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომელთაც შეეძლებათ, უფრო იოლად და სწრაფად ჩავიდნენ ევროკავშირში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის დაახლოების პროცესს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელსა და მის გუნდს წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებისთვის, აგრეთვე თბილისის აეროპორტის მმართველ კომპანიას, „ტავ ჯორჯიას“.

„ეარ ფრანსის“ მიერ პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, „ეარბას ა320“ ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

„ეარ ფრანსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის „სკაითიმის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.