გიორგი ქობულია - „ვაით ენდ ქეისთან“ ხელშეკრულება იურიდიული რისკების შეფასებას ითვალისწინებს
გიორგი ქობულია - „ვაით ენდ ქეისთან“ ხელშეკრულება იურიდიული რისკების შეფასებას ითვალისწინებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ იურიდიულ კომპანია „ვაით ენდ ქეისთან“ (White & Case) გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს იურიდიული რისკების შეფასებას იმ შემთხვევისთვის, თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ შეძლებს საჭირო კაპიტალის მოზიდვას.

როგორც მან განაცხადა, მოცემულ მომენტში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით სხვა ინვესტორი არ განიხილება.

ვაით ენდ ქეისთან“ ასეთი ხელშეკრულება არის და ამ ხელშეკრულების ნაწილია იურიდიული რისკების შეფასება იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი ვერ შეძლებს საკუთარი კაპიტალის მოზიდვას იმ რაოდენობით, რაც უნდა მოიზიდოს ან მაგალითად, არ შედგა მოლაპარაკება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაინტერესებს და ეს აბსოლუტურად მისაღებია, ვიცოდეთ, რა იურიდიული რისკებია. ამ მომენტში არ განიხილება არანაირი სხვა ინვესტორი“, – განაცხადა ქობულიამ.

ამასთან, გუშინ განაცხადება გაავრცელა სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“, რომლითაც ანაკლიის ნავსადგურის თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. განცხადების თანახმად, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს არსებობს მტკიცებულება, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის განვითარების მიზნით ალტერნატიულ კომპანიას ეძებს და ემზადება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შესაწყვეტად.