გიორგი ქობულია - „თიბისისთან“ დაკავშირებული ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება ერთმანეთთან კავშირში არ არის
გიორგი ქობულია - „თიბისისთან“ დაკავშირებული ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება ერთმანეთთან კავშირში არ არის

მთავრობა მხარს უჭერს ანაკლიის პორტს, რაც ამ პროექტის მოცულობით დაფინანსებაში გამოიხატება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი კონკრეტული პიროვნებების პროექტი არ არის და მასში მთელი კონსორციუმია ჩართული.

„ჩვენ, როგორც მთავრობა, მხარს ვუჭერთ ანაკლიის პორტს. ეს მხარდაჭერა გამოიხატება დიდ დაფინანსებაში, რომელსაც მთავრობისგან ვაძლევთ პროექტს. ეს ეხება როგორც მიწების გამოსყიდვას, ინფრასტრუქტურის მშენებლობას, აგრეთვე პირდაპირ ინვესტიციას პროექტის კაპიტალში, რაც 100 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს. ამიტომ ვფიქრობ, ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ მთავრობა აბსოლუტურად უდგას გვერდით ამ პროექტს და ეხმარება. პროექტში ჩაბმული არის მთელი კონსორციუმი, ეს არ არის მხოლოდ ცალკეული პიროვნებების პროექტი, ეს არის მთელი კონსორციუმი, ამიტომ მაგალითად მე, ვერ ვხედავ ძალიან დიდ გავლენას აღნიშნულ პროექტზე, რა თქმა უნდა, არასწორი და გასაკვირი იქნება იმის თქმა, რომ „თიბისის“ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს არანაირი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც გავლენა აქვს“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა განმარტა, რომ „თიბისის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან.

„იმედი მაქვს, ეს ხმაური ჩაცხრება და დამთავრდება, რადგან ასეთი ტიპის მოვლენები არასდროს აისახება პოზიტიურად ზოგადად ჩვენს ეკონომიკაზე და ქვეყანაზე. იმედი გვაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დამთავრდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულია პროკურატურის ქმედებების შეფასებისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ საქმე სერიოზულია.

„პროკურატურის სისწორის შეფასების უფლება მე არ მაქვს. ვიტყვი იმას, რომ „თიბისის“ საკითხი, ჩემი აზრით, არის სერიოზული საკითხი, რადგან რაც ვიცი და წავიკითხე, სერიოზული ბრალდებაა, ფაქტებზე დამყარებული. ჩვენ ამის უგულვებელყოფა არ შეგვიძლია. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ განვითარებაზე და პოლიტიკურ საკითხზე, არის კონკრეტული ფაქტები და ბრალდება სერიოზულია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

ამასთან, როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხარაძემ განაცხადა, ანაკლიის პორტის პროექტთან მიმართებაში არანაირი შეფერხება არ არის, თუმცა აშფოთებს ფაქტი, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა, ეროვნული ბანკი გამოძიების დამთავრებამდე აკეთებს განცხადებას.