გიორგი ქობულია - რკინიგზისა და ელექტროსისტემის პრივატიზაციაზე ჯერ საუბარი არ მიმდინარეობს
ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „საქართველოს რკინიგზისა” და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” პრივატიზაციაზე საუბარი არ მიდის. ქობულიას თქმით, მუშაობა კომპანიების ეფექტურობის ამაღლებაზე მიმდინარეობს
„საქართველოს რკინიგზა შედის ეფექტურობის ამაღლების პროგრამაში. იგეგმება კომპანიის რეორგანიზაცია. ასევე ჩვენ ვგეგმავთ, რომ მომავალში უფრო მეტი ჩართულობა იყოს კერძო ოპერატორების მოძრავ შემადგენლობასთან დაკავშირებით. გვინდა შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები. ეს ყველა ქვეყანაში მიღებული საუკეთესო პრაქტიკაა. ასევე საუბარია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების შესაბამისად, გავმიჯნოთ რკინიგზის ინფრასტრუქტურის მენეჯერი და რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის ოპერატორი. ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას, კომპანიის ეფექტურობამ აიწიოს, რაც მეტი ტვირთის მოზიდვის საშუალებას მოგვცემს”, – აღნიშნა მინისტრმა.
ქობულიას თქმით, კერძო კომპონენტის ამოქმედება შესაძლოა, ელექტროსისტემაშიც მოხდეს.
„ალბათ, დადგება დღის წესრიგში, რომ ნაწილობრივ მაინც შემოვიყვანოთ კერძო ოპერატორები ამ სისტემაშიც კი. შესაძლოა, ეს მოხდეს აქციების პირველადი განთავსებით, ანუ IPO-ს მექანიზმით ან სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ ობიექტებზე დარჩება ყოველთვის სახელმწიფოს ძალიან დიდი კონტროლი”, – განუცხადა ქობალიამ ჟურნალისტებს.