გიორგი ქობულია - ნიდერლანდურ კომპანიასთან საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა განვიხილეთ
გიორგი ქობულია - ნიდერლანდურ კომპანიასთან საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა განვიხილეთ

ნიდერლანდურ კომპანიასთან საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობის შესაძლებლობა განვიხილეთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მსხვილი ნიდერლანდური კონცერნის Damen Shipyards – ის თავმჯდომარე კომერ დამენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა ნიდერლანდების ერთ-ერთი უმსხვილესი გემთმშენებელი კონცერნის Damen Shipyards – ის ხელმძღვანელთან. კომპანია დიდ ინტერესს გამოხატავს საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გემთმშენებელი და გემების სარემონტო საამქროები გახსნას. ეს დაგვეხმარება დავასაქმოთ ჩვენი მოქალაქეები აღნიშნულ სექტორში, ასევე ავითვისოთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გააჩნია,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართა, სადაც გიორგი ქობულია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, განხილული იყო საქართველოს საზღვაო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

აღინიშნა, რომ საქართველო მიესალმება საკუთარ ნავსადგურებში ახალი ინვესტიციების შემოსვლას, რომლის მიზანსაც საპორტო და სანაოსნო მომსახურების განვითარება წარმოადგენს. შეხვედრაზე Damen Shipyard-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობით და განიხილავს აღნიშნულ ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას.

გამომდინარე იქიდან, რომ Damen Shipyard მსოფლიოში ცნობილი გემთმშენებელი კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში მაღალხარისხიანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ადგილობრივი საკადრო რესურსის გადამზადების აუცილებლობაზეც, რაც, პერსპექტივაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საწინდარია.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და მსხვილ ნიდერლანდურ კონცერნს შორის მომავალში გაგრძელდება.