გიორგი ქობულია - კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით, ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით
გიორგი ქობულია - კორეასთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებით, ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით

კორეასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების ხელმოწერით ბიზნესს ახალ შესაძლებლობებს გავუხსნით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

„შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს მეწარმეებს მხარეთა ბაზარზე შეღწევადობის თვალსაზრისით და ხელს შეუწყობს ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

სეულში გიორგი ქობულიას ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი თეა-ჰომ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებით ჩამოყალიბდება ორმხრივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომელიც ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს განიხილავს.

ამასთან, აღნიშნულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, ქართულმა მხარემ საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკების დაწყების ინიციატივა გამოხატა. მინისტრის თქმით, ეს საქართველოში კორეულ ინვესტიციებს დამატებით წაახალისებს.

როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, შეთანხმება მხარეებს გაუხსნის გზას, კორეის რესპუბლიკასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ვგეგმავთ უწყებათაშორისი კომისიის შექმნას და მოლაპარაკებების ინიცირებას. ჩვენთვის კორეა მნიშვნელოვანი ბიზნესპარტნიორი და მსხვილი ინვესტორია. კორეულ კომპანიებს განხორციელებული აქვთ ინვესტიცია საქართველოს ენერგეტიკაში, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2007–2017 წლებში საქართველოში დაახლოებით 97 მლნ აშშ დოლარის ოდენობის კორეული ინვესტიცია განხორციელდა. 2018 წლის სამ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 204 პროცენტით აღემატება. კორეული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი ენერგეტიკაში, ტრანსპორტში, სასტუმრო ბიზნესსა და უძრავ ქონებაში განხორციელდა.