გიორგი ქობულია - „ფიტჩის“ რეიტინგი ანაკლიის პორტს დაფინანსების მიღებას გაუადვილებს, რომელიც პროექტის შესასრულებლად არის საჭირო
გიორგი ქობულია - „ფიტჩის“ რეიტინგი ანაკლიის პორტს დაფინანსების მიღებას გაუადვილებს, რომელიც პროექტის შესასრულებლად არის საჭირო

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შეფასებას მთელი საინვესტიციო საზოგადოება ადევნებს თვალს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ფიტჩის“ რეიტინგში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესება ორი მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ფიტჩის“ შეფასებას უყურებს მთელი საინვესტიციო საზოგადოება მსოფლიოში, როცა გვაქვს უფრო მაღალი რეიტინგი, ეს ნიშნავს, რომ ინვესტორები უფრო დარწმუნებული გრძნობენ თავს, შემოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები. მეორე – როგორ უყურებენ ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, უფრო მაღალი რეიტინგი ნიშნავს უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს,  როცა ვიღებთ ვალს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ დაბალი პროცენტი  ქვეყნის შიგნით საპროცენტო განაკვეთებზეც აისახება. რეალურად აიაფებს კრედიტს საქართველოსთვის და ქართული კომპანიებისთვის, ინვესტორებისთვის, რომლებიც  საქართველოში შემოდიან“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, საკრედიტო რეიტინგის აწევა მოულოდნელი არ ყოფილა.

„ფიტჩმა“ ჯერ კიდევ შარშან, როდესაც დათვალა რეიტინგი, მაშინ გვეკუთვნოდა უფრო მაღალი, „ბიბი პლიუსი“, მაგრამ გადაწყვიტეს, მოეცათ „ბიბი მინუსი“, რადგან ჩვენს მეზობელ ქვეყნებში იყო საკმაოდ ნეგატიური ფონი, შესაბამისად, არ იყვნენ დარწმუნებული, რამდენად შეინარჩუნებდა საქართველო მაკროსტაბილურობას. შემდეგ დააკვირდნენ სიტუაციას და ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ ლარის კურსი, გავზარდეთ ლარის რეზერვები, შევამცირეთ სავაჭრო დეფიციტი. ასევე დაინახეს, რომ ჩავატარეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, როგორიცაა ლარიზაცია, საპენსიო რეფორმა და შედეგად რეიტინგი მოგვიმატეს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება კითხვას, აზიანებს თუ არა ანაკლიის პორტის პროექტს „თიბისი ბანკის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება, გიორგი ქობულია ამბობს, რომ „ფიტჩის“ რეიტინგის მომატება ანაკლიის პორტის პროექტზეც დადებით გავლენას მოახდენს. პორტს უფრო გაუადვილდება დაფინანსების მიღება.

ფიტჩის რეიტინგის მომატება ასევე იქონიებს გავლენას ანაკლიის პორტზე, რადგან პორტსაც უფრო გაუადვილდება დაფინანსების მიღება, რომელიც საჭიროა ამ პროექტის შესრულებისთვის. ჩემთვის გასაგებია, რომ „თიბისის“ საქმე და დღევანდელი საუბარი ამ თემაზე არავის გვარგებს და არ არის კარგი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მშვიდობიანად და სასიკეთოდ დასრულდება, როგორც ინვესტორისთვის, ისე ქვეყნისთვის. სრულიად დარწმუნებული ვარ,  რომ აქ არ არის საუბარი ვინმეს მიერ ბანკის ხელში ჩაგდებაზე. ეს არის აბსურდული უაზრობა“, – განაცხადა ქობულიამ.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „ბიბი მინუსიდან“ „ბიბიმდე“ გაზარდა.