გიორგი ქობულია - ძირითადი, რაც მიბიძგებს, პოლიტიკაში შევიდე, არის ის, რომ ვხედავ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდ პოტენციალს
გიორგი ქობულია - ძირითადი, რაც მიბიძგებს, პოლიტიკაში შევიდე, არის ის, რომ ვხედავ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდ პოტენციალს

ძირითადი, რაც მიბიძგებს, რომ პოტენციურად შევიდე პოლიტიკაში, არის ის, რომ გულახდილად ვხედავ ჩვენი ქვეყნის განვითარების დიდ პოტენციალს, – ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„ეს დავინახე იმ პერიოდში, როცა ეკონომიკის მინისტრი ვიყავი და ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ბევრი ბერკეტი, რათა ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე დღემდე მივაღწიეთ. ეს ეხება ეკონომიკურ განვითარებას, ხალხის კეთილდღეობას. მე რომ ამ ბრძოლაში ჩავება, რა თქმა უნდა, უნდა დავინახო, რომ ჩემს ბრძოლას შეიძლება, რეალისტური შედეგი მოჰყვეს. მე ამას მარტო ვერ გავაკეთებ. არ ვიტყოდი, რომ მაინცდამაინც სათავეში უნდა ვიყო, მაგრამ უნდა ვიყო გუნდში და ჩვენ ვიყოთ გუნდი იმ ხალხისა, რომელიც ჩემს პრინციპებს და ხედვებს გაიზიარებს. არ არის აუცილებელი, ყველა ხედვა და პრინციპი გაიზიარონ. შეიძლება, მე გავიზიარო მათი, ნაწილობრივ, მაგრამ ჩვენ რაღაც პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ. მეორე – ამ გუნდს უნდა ჰქონდეს რეალისტური შანსი, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში რაღაც შედეგს მიაღწიოს“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საკმაოდ რთულია, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ ინვესტორებისთვის იდეალური პირობები უნდა შექმნას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა გაზარდოს. 

„როცა უცხოური კომპანია საქართველოში პირველად შემოდის, ის პირველ რიგში, საქართველოს შიდა ბაზარს უყურებს. ჩვენ კი ძალიან მცირე და ღარიბი შიდა ბაზარი გვაქვს, რაც მათთვის მიმზიდველი არ არის. მეორე, ისინი ფიქრობენ, მოდი, გავაკეთოთ რამე წარმოება და საქონელი ექსპორტზე გავიტანოთ, ან რაღაც სერვისის სფეროში ჩავდოთ თანხა, მაგრამ თუ ექსპორტზე გატანაზეა ლაპარაკი, ესეც ძალიან არამიმზიდველია, რადგან საქართველოში მუშახელის კვალიფიკაცია დაბალია და ლოჯისტიკა ძალიან რთულია. კომბინაციაში, საკმაოდ რთული სიტუაცია გვაქვს და ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებამ ინვესტორებისთვის იდეალური პირობები უნდა შექმნას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა გაზარდოს და ისინი წამოიყვანოს. ამ დროს, ბიუროკრატიული მანქანა პრაქტიკულად, პარალიზებულია. ანუ, ეფექტურობა ძალიან დაბალია და მძვინვარებს ნეპოტიზმი და მიკერძოებული გარიგებები. ამას ზედ ერთვება ძალიან კომპრომენტირებული მართლმსაჯულების სისტემა. რეალურად, შეიძლება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის აღქმა უფრო ნეგატიურია, ვიდრე ეს რეალობაშია, მაგრამ ასეთი ვითარება გვაქვს“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, მრავალი მხრიდან არ არის გამართული ინვესტორებისთვის ხელშეწყობის მექანიზმები – გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ადგილზე მისული ინვესტორის მხარდაჭერის მექანიზმი, ახალი ინვესტორების მოზიდვის მექანიზმი და ა.შ.

გადაცემის ერთ-ერთი წამყვანის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას ხედვა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პოლიტიკას გააკრიტიკებს და სხვანაირად შეხედავს, რადგან 2017 წლამდე ბევრი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გვქონდა, მაგრამ ეს განვითარებაში ვერ აისახა და ამან მოსახლეობის უმუშევრობის რადიკალური შემცირება ვერ უზრუნველყო, გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სწორი კომპანიები შემოვიყვანოთ.

„უნდა გამოვიყენოთ ყველა სახელმწიფო ბერკეტი, სადაც შეგვიძლია, რომ სწორი და კარგი კომპანიები მოვიყვანოთ“, – განაცხადა ქობალიამ.

ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ როცა საქმე ქვეყნის განვითარებას ეხება და ეკონომიკაზეა ლაპარაკი, აქ შუა მდგომარეობა უნდა დავიჭიროთ, მიდგომა არ უნდა იყოს სუპერლიბერალური, განსაზღვრული უნდა იყოს სახელმწიფოს მონაწილეობა და უნდა არსებობდეს ბალანსი.

„მაგალითად, რაღაც დონეზე პრეფერენციას მივცემდი ადგილობრივ ინოვაციურ კომპანიებს, როცა სახელმწიფო ტენდერებს ვაკეთებთ, რომ მათ დავეხმაროთ. მაგალითად, ბევრი ლაპარაკი იყო რამდენიმე სახის სამშენებლო მასალაზე, დავუჭიროთ თუ არა მხარი ადგილობრივ წარმოებას. დიახ, თუ რაღაც საქონლის დემპინგური ფასებით შემოსვლა მიდის, ამაზე აუცილებლად უნდა გვქონდეს რეაქცია და ადგილობრივი მწარმოებელი დავიცვათ, მაგრამ თუ ვაჭრობაში რაღაც ხელოვნურ ბარიერებს შევქმნით, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ იმ სექტორებზე, სადაც ბარიერებს ვქმნით, რადგან ამან შეიძლება, ნაკლებეფექტური ადგილობრივი სექტორების განვითარება გამოიწვიოს, რაც არ გვინდა. ჩვენ გვინდა ის სექტორები, რომელიც კონკურენტული იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა გიორგი ქობალიამ.