გიორგი ქობულია დასავლეთ საქართველოს რეგიონს ეწვევა
გიორგი ქობულია დასავლეთ საქართველოს რეგიონს ეწვევა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ქუთაისში მონაწილეობას მიიღებს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ბიზნესფორუმის მუშაობაში.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი ფორუმზე შესავალი სიტყვით წარდგება. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ღონისძიებაში, რომელიც იმერეთის განახლებულ რეგიონულ ოფისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით ტარდება, მონაწილეობას მიიღებს 200-მდე მეწარმე დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, ასევე საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსი, ვინსენტ რეი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები.

გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ქუთაისში რამდენიმე საწარმოს დაათვალიერებს.

გიორგი ქობულია ეწვევა ტექსტილის საწარმო „ემ-ჯი-ემ ტექსს“ (MGM TEX), რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოში ამჟამად 300-მდე ადამიანია დასაქმებული, სადაც სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი იკერება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 17:30 საათზე ქუთაისში კიდევ ერთ საწარმოს დაათვალიერებს – ეს არის წყლის ელექტროგამათბობლების საწარმო „ატლანტიკ საქართველო“, რომელიც  ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ფუნქციონირებს. საწარმო ერთი წლის წინ გაიხსნა. „ატლანტიკ საქართველო“ უახლოეს მომავალში კომპანია „ბოშთან“ ერთად იწყებს წარმოებას.

დღესვე, გიორგი ქობულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანის მოსახლეობას შეხვდება.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში შავლეგ ტაბატაძე.