გიორგი ქობულია - დასაქმების საკითხის მოგვარება, რა თქმა უნდა, მარტივი ამოცანა არ არის და ჩვენ ამას დიდი ხანია, ვცდილობთ
გიორგი ქობულია - დასაქმების საკითხის მოგვარება, რა თქმა უნდა, მარტივი ამოცანა არ არის და ჩვენ ამას დიდი ხანია, ვცდილობთ

დასაქმების საკითხის მოგვარება, რა თქმა უნდა, მარტივი ამოცანა არ არის და ჩვენ ამას დიდი ხანია, ვცდილობთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პირველი არხის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„პრობლემის გადაჭრის გზები თავისთავად არ არის ისეთი რთული, როგორიც შესრულება. გადაჭრის გზა ის არის, რომ კერძო სექტორში უფრო მეტი სამუშაო ადგილები უნდა შევქმნათ. რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება ახალი ინვესტიციები ახალ ბიზნესებში და გვჭირდება არსებული ბიზნესების გაფართოება, რადგან ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ბიზნესია“, – განაცხადა ქობულიამ.

მისი თქმით, ბიზნესში სამუშაო ადგილების შესაქმნელად რამდენიმე დიდი გამოწვევა არსებობს. 

„არა მარტო ჩვენი აზრით, არამედ მრავალი კვლევის შედეგად, ერთ-ერთი გამოწვევა კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაა. ბიზნესი ამ გამოწვევაში აქტიურად თანამშრომლობს და ეს ბიზნესისთვის დიდი პრიორიტეტია. გვაქვს სხვა დაბრკოლებებიც, მაგალითად, ფინანსებზე წვდომა. ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად, უკვე დამტკიცებული მოდელი, როგორ უნდა შემოვიყვანოთ საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ბანკებს გარანტია მივცეთ განსაზღვრული ტიპის ბიზნესებისთვის, როდესაც ისინი ბანკში კრედიტებს იღებენ“, – განაცხადა ქობულიამ.

როგორც ქობულიამ აღნიშნა, ქვეყანას ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესები სჭირდება, რაც ერთ-ერთი გამოწვევაა.

„საქართველოს ბაზარი ძალიან პატარაა დიდი და ზოგჯერ, საშუალო ბიზნესისთვისაც. ჩვენ ექსპორტზე გასვლა გვჭირდება და თუ უფრო მსხვილ ბიზნესზე ვლაპარაკობთ, რომელიც გვჭირდება, ექსპორტზე გასვლა მათთვის აბსოლუტურად საჭიროა. იმისთვის, რომ კომპანია ექსპორტზე გავიდეს, მას გასატანი საქონლის საკმაოდ ეფექტური და იაფი ტრანსპორტირება სჭირდება. დღესდღეობით კი ჩვენი ტრანსპორტირების სისტემები საკმაოდ არაეფექტურია“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.