გიორგი პატარაია - ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები
გიორგი პატარაია - ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, საჭიროა, ჩატარდეს თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები

სამწუხაროდ, ხაბეიშვილის მხრიდან ძალიან სამარცხვინო, მდაბიო საქციელი იყო, რაც გუშინ „ფორმულას“ ეთერში ვიხილეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა, გიორგი პატარაიამ განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, გუშინ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი და განაცხადა, რომ ნიკა მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“, აღარ არის პარტიის წევრი.

გიორგი პატარაიას თქმით, ეს წარმოუდგენელი ამბავია.

„ჩემს მეხსიერებაში ანალოგი თუ მოიძებნება, ეს გახლავთ, საბჭოთა კავშირის დროს პოლიტიკური ბიუროს წარმომადგენლების კრიტიკისთვის ადამიანებს რომ პარტიიდან რიცხავდნენ და რაღაც სასჯელებს უწესებდნენ. წარმოუდგენელი ამბავია იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც გასტროლიორად იყო პარტიაში წარმოდგენილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხან მიდიოდა და ხან მოდიოდა“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

ამასთან, როგორც გიორგი პატარაიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლას არ აპირებს.

„ნამდვილად არასდროს არსად წავსულვარ „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამ პარტიაში ვარ 22 წელიწადია და არც ახლა ვაპირებ წასვლას. აღნიშნული პიროვნება (ხაბეიშვილი) თუ რამე გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგას ვიხილავთ. შიდაპარტიულ პროცესებში მუდმივად იყო კამათი, განსხვავებული აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა პარტიიდან ვინმეს გარიცხა ან გაგდება არავის არასდროს მოსვლია აზრად. სამწუხაროა ის ფაქტი, რაც გუშინ ვიხილეთ“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.

გიორგი პატარაიას თქმით, იმისათვის, რომ პარტიაში ერთიანობა შედგეს, პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ჩვენ სააკაშვილის მხრიდან სასამართლოზე ჩართვის დროს ვიხილეთ მოწოდება ერთიანობისკენ, ამ ყველაფერს მე ვიზიარებ. მანიფესტზე პარტიის წევრებისგან მოვისმინე, რომ აუცილებელი არ იყო მანიფესტზე ხელის მოწერა ან არმოწერა. ასევე, ლევან ბეჟაშვილის ცოტა გასაკვირი კომენტარი ვიხილეთ, რომ მანიფესტი შეიქმნა იმ სამი ადამიანის გასარიცხად, რომელთაგან ერთ-ერთის, ნიკა მელიას გარიცხვა უკვე ვიხილეთ. ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი ქმედება პოლიტიკური განაცხადია. წესდების მიხედვით, პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აქვთ უფლება, პარტიის წევრი გარიცხონ. ბოლო ყრილობის ჩატარების შედეგად შევიდა ცვლილებები და უკვე შეუძლია, ერთპიროვნულად გააგდოს ადამიანი.

არ ვფიქრობ, რომ რაღაც მანიფესტებზე ხელმოწერით დამტკიცდება ან არ დამტკიცდება ჩემი ერთგულება „ნაციონალური მოძრაობის“ ან ამ ქვეყნის მიმართ. ვიმედოვნებ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე ჭკუას მოუხმობს და დაუჯერებს პარტიის ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს, ყველა ნაბიჯს გადადგამს, რათა პარტიაში გაერთიანება მოხდეს. ამისთვის საჭიროა, ჩატარდეს პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები. თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იმ შეცდომებზე, რომლებიც ამ ერთი წლის განმავლობაში პარტიაში მოხდა, პასუხისმგებლობა აიღოს დაპირებებზე, რომლებიც ვერ შეასრულა, გადადგეს, ასევე, ჩატარდეს პარტიის თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს ხელახალი არჩევნები. მე პარტიაში სტატუს კვოს აღდგენას ვითხოვ“, – განაცხადა გიორგი პატარაიამ.