გიორგი ნონიაშვილი - მერიის რეკლამირებაში დახარჯული თანხა შეიძლებოდა, მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას
მერიის რეკლამირებაში დახარჯული თანხა შეიძლებოდა, მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკურ კამპანიას, – ასეთი კომენტარი გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი ნონიაშვილმა თბილისის მერიის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც სოციალურ ქსელში რეკლამირებას ეხებოდა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დილით „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაციაზე ნონიაშვილს საუბარი არ ჰქონია კახა კალაძის პირადი გვერდის რეკლამირებაზე და საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე.
ასევე, პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნონიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს თანხა შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის რეკლამირებას, რაც სინამდვილეში მისი წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.
„დღეს გვქონდა „ევროპული საქართველოს“ ანტიკორუფციული ქსელის პრეზენტაცია და ჩემი პერსონალური წარდგენა „ევროპულ საქართველოში“, ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ კორუფციასთან და სახელმწიფო სახსრების ფლანგვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთ მაგალითად ჩვენ ვახსენეთ თბილისის მერიის ხარჯები საკუთარი თავის პიარში, ხუთ მილიონ ლარს ხარჯავენ დაახლოებით საკუთარი თავის რეკლამირებაში და აქედან 600 000 ლარი მხოლოდ ფეისბუქრეკლამირებაში იხარჯება.
ამასთან დაკავშირებით მერიამ მოგვწერა პასუხი, სრულიად უტიფრად, რომ კახა კალაძე საკუთარ პირად გვერდზე არ აკეთებს მერიის ხარჯებიდან თანხების მოზიდვას რეკლამირებაში, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები არ იხარჯება კახა კალაძის პირად გვერდზე რაიმეს დასპონსორებასა და რეკლამირებაში.
მინდა, თბილისის მერიას ვუთხრა, რომ კახი კალაძის პირად გვერდზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი, საუბარი იყო თბილისის მერიის ფეისბუქგვერდზე, მათ შორის და ეს უზარმაზარი თანხები, რომელიც მერიის რეკლამირებაში იხარჯება, შეიძლება მოხმარებოდა ბევრად მეტ კარგ საქმეს, ეს ხუთი მილიონიც და 600 000 ლარიც შეიძლება მოხმარებოდა უკეთეს საქმეს და არა კახა კალაძის პოლიტიკური კამპანიის წარმოებას, რადგან თავისი არსით მერია რის რეკლამირებასაც ახდენს არის სინამდვილეში ამ წინასაარჩევნოდ კალაძის პოლიტიკური კამპანიის ნაწილი და ამაში გადასახადების გადამხდელები იხდიან ფულს, სამწუხაროდ“, – განაცხადა ნონიაშვილმა.