გიორგი ნემსაძემ უელსურ „ოსფრეიზთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
გიორგი ნემსაძემ უელსურ „ოსფრეიზთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

უელსური „ოსფრეიზის“ ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, კლუბმა „ბორჯღალოსნების“ კაპიტან გიორგი ნემსაძესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ნემსაძემ უელსელებთან კონტრაქტი 2018 წლის მარტში გააფორმა და განახლებული პირობებით „ოსფრეიზში“ მომავალი სეზონის ბოლომდე დარჩება.

33 წლის ქართველმა კლუბზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა და „პრო14“-ის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

„მე ბედნიერი ვარ, რომ კლუბში ვრჩები“ – განაცხადა ნემსაძემ, რომელიც ახლა „ალსთერის“ წინააღგმდეგ „ჩემპიონთა თასის“ საკვალიფიკაციო მატჩისათვის ემზადება.

„ვამაყობ, რომ ამ გუნდში ვთამაშობ და იმედი მაქვს „ოსპრეიზს“ წარმატების მიღწევაში დავეხმარები. ძალიან მომწონს სვანსი და უელსი. მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველოდები.“

2018 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი სწორედ გიორგი ნემსაძე იყო. მან „ბორჯღალოსნების“ რიგებში 81 კეპი მოიხვეჭა და ნაკრებს მომავალ თვეში, ზაფხულის ტესტებითვის დაუბრუნდება.

„ოსფრეიზის“ მთავარმა მწვრთნელმა, დენ გრიფითმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ ნემსაძე მომავალ წელსაც მისი გუნდის შემადგენლობაში იქნება –

„გიორგიმ ჩვენზე თავისი ფიზიკურობით და ლიდერის თვისებებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ბორჯღალოსნების“ კაპიტნისგან სწორედ ამას ველოდით. მას დიდი გამოცდილება აქვს, ბრძოლაშია გამოწრთობილი და უმაღლესი კლასის პროფესიონალია, რომელსაც გუნდზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ნემსაძე ჩვენ ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებაშიც გვეხმარება.“