გიორგი ნემსაძე - მადლობა ბიჭებს, სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული რომ მომაპოვებინეს [ვიდეო]

სუპერთასზე „გაგრასთან“ „დინამო თბილისმა“ მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა – ძირითადი დრო 2:2, პნალტების სერიაში – 5:4. დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ თამაში შეაფასა და გასახდელში ფეხბურთელებთან შემდგარი საუბარი გაამხილა.

„სეზონის დასაწყისში პირველი შეხვედრა ყოველთვის რთულია. ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი – მთელი სეზონი უდიდესი შრომატევადი სამუშაოა საჭირო, რომ გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. აქ კი 90 წუთია საკმარისი, რომ სუპერთასი მოვიგოთ და მთელი კარიერა ერთი კარგი ტიტულის მფლობელი ხდები. ამით ბიჭებს მოტივაცია კი შევუქმენი, მაგრამ უყურადღებობის და სხვა მიზეზების გამო, სუპერთასი კინაღამ ხელიდან გავუშვით. ვიმეორემ, სეზონის პირველი მატჩი, თანაც ფინალი რთული სათამაშოა“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის აზრით, შეიძლებოდა, მატჩი პენალტების სერიამდე არ მისულიყო:

„შესაძლებელი იყო, რომ თამაში 90 წუთში მოგვეგო, თუმცა, „გაგრას“ ვიცნობ და ევროსაგზური შემთხვევით არ მოუპოვებია. მიმაჩნია, რომ ეს გუნდი გულშემატკივარს სიხარულს კიდევ მოუტანს. დღეს მეტოქემ სათანადო წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლომდე გვებრძოლა. მეამაყება, ეროვნულ ლიგა 2-ში ასეთი კარგი გუნდი რომ თამაშობს“.

ნემსაძემ „დინამოში“ და საერთოდ, სამწვრთნელო კარიერაში მოპოვებული პირველი ტიტულის გამო ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა:

„ეს „დინამოში“ ჩემი პირველი თამაში იყო და გამიხარდა, კარიერაში პირველი ტიტული რომ მომაპოვებინეს. მადლობა ბიჭებს, ასეთი საჩუქრისთვის“.

„დინამოს“ მწვრთნელმა სეზონის განახლებაზე ილაპარაკა:

„სეზონის დაწყება სირთულეს წარმოადგენს, ბევრი პრობლემა იჩენს თავს, მაგრამ ჩვენ ოდნავ წინ ვართ, რადგან სუპერთასის მატჩი ვითამაშეთ, ეს ბარიერი გადავლახეთ. ამიტომ წყალტუბოს „სამგურალთან“ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩამდე, ასე ვთქვათ, „მოთელილები“ ვართ. ვფიქრობ, რომ საინტერესო ჩემპიონატი იქნება, ჩვენ კი მისთვის მზად ვართ“.