საიუბილეო სუპერთასის მფლობელი „დინამოა“ - საფეხბურთო სეზონი გაიხსნა
საიუბილეო სუპერთასის მფლობელი „დინამოა“ - საფეხბურთო სეზონი გაიხსნა

საქართველოში საფეხბურთო სეზონი დაიწყო. პირველი მატჩით პირველი ტიტულის მფლობელი გაირკვა – სუპერთასისთვის ბრძოლაში გასული სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელს „გაგრას” დაუპირისპირდა და პრიზს მერვედ დაეუფლა.

„მიხეილ მესხი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გათამაშების ისტორიაში ყველაზე წარმატებული კლუბი „დინამო თბილისი“ პრიზისთვის მე-11-ედ იბრძოდა. თბილისელებმა 7-ჯერ მოიპოვეს ტიტული, 4-ჯერ კი დამარცხდნენ. ხოლო „გაგრა“ პრიზისთვის მეორედ იბრძოდა. ეპიდრეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა.

შეხვედრა უხვგოლიანი და სანახაობრივი გამოდგა, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე „გაგრამ“, რომელიც საქართველოს თასის მოქმედი მფლობელია, ტიტულოვან მეტოქეს არაფერი დაუთმო და მე-13 წუთზე, ანგარიში გახსნა. ეს თავური დარტყმით გიორგი ქობულაძემ მოახერხა. ამის შემდეგ საგოლე მომენტები „დინამომაც“ შექმნა, მაგრამ „გაგრას“ უფრო მეტი შანსი ჰქონდა. თუმცა, შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და ტაიმი „გაგრამ“ 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი „დინამომ“ კარგად დაიწყო და 47-ე წუთზე დავით კობოურის გადაცემით ზორამ მარუშიჩმა ანგარიში გათანაბრდა – 1:1. 67-ე წუთზე კი „დინამო“ დაწინაურდა – გიორგი კუციას კარგი გადაცემის შემდეგ „დინამოს“ თავადმსხმელმა გიორგი გაბედავამ მცველებს დაასწრო და ზუსტად დაარტყა, მაგრამ „გაგრაში“ გაზრდილმა თავდამსხმელმა ყოფილი კლუბის მიმართ პატივისცემის ნიშნად გოლი არ აღნიშნა 2:1.

„გაგრამ“ ანგარიშის გათანაბრება 78-ე წუთზე შეძლო – დავით საჯაიას შესრულებული კუთხურის შემდეგ თავით ბრძოლა გუნდის კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა მოიგო და კარის წინ ლუკა ნოზაძეს უპასა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 2:2.

ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და სუპერთასის დებულების თანახმად, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა. პირველად ბურთთან „გაგრას“ კაპიტანი ვასილ ხოსიტაშვილი მივიდა და გუნდი დააწინაურა. ზედიზედ სამი პენალტი მეტოქეებმა გამოიყენეს, მაგრამ თემურ მარკოზაშვილს როინ კვასხვაძემ აუღო, რომელმაც მერე პენალტი თავად დაარტყა და გაიტანა. გადამწყვეტი დარტყმა „დინამოელმა“ გიორგი გაბედავამ ზუსტად შეასრულა და „დინამოს“ მერვე სუპერთასი მოაგებინა 7:6 (2:2 ძირითადი დრო), ხოლო გიორგი ნემსაძეს – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრიზი.

ორივე გუნდი ზაფხულში ევროტურნირებზე ჩაერთვება – „გაგრა” კონფერენს ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას, „დინამო” კი – ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.