გიორგი ნემსაძე - „ლოკომოტივთან“ სათამაშო დისციპლინა დავიცავით და მეტოქის ხარვეზები გამოვიყენეთ #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში „ლოკომოტივთან“ მოგებული (3:1) მატჩი „დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ და პირველი გოლის ავტორმა, ანზორ მქვაბიშვილმა შეაფასეს.
„ვიცოდით, რომ ძალიან რთული თამაში იქნებოდა, რადგან „ლოკომოტივის“ ფეხბურთელები ბავშვობიდან ერთად მოდიან, ერთმანეთს კარგად გრძნობენ და შეთამაშებულები არიან. ასეთ გუნდთან თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ხარვეზები მაინც ექნებოდათ, რაც გამოვიყენეთ. სათამაშო დისციპლინა დავიცავით და ამის ხარჯზე ბოლო წუთებზე მიყოლებით რამდენიმე გოლი გავიტანეთ. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს. „ლოკომოტივს“ წარმატებებს ვუსურვებ, რადგან შარშან აჩვენა, რომ პერსპექტიული გუნდია და კარგი შედეგების მიღწევა შეუძლია“, – ამბობს გიორგი ნემსაძე.
ანრი მექვაბიშვილი, „დინამოს“ ნახევარმცველი:
„ლიდერების ყველა შეხვედრა დაძაბულია, მითუმეტეს, რომ „ლოკომოტივი“ კარგი გუნდია. სასიხარულოა, რომ გავიმარჯვეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. მატჩს დადებითად შევაფასებ, მაგრამ იყო ხარვეზები, რომლებსაც გამოვასწორებთ“.