გიორგი ნემსაძე - „დინამოში“ მუშაობა გამოწვევაა და მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ
გიორგი ნემსაძე - „დინამოში“ მუშაობა გამოწვევაა და მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ

„დინამოს“ დირექტორმა ზაზა დოლიძემ „დინამო-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე წარადგინა – გუნდისა და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელიც ბოლო გორის „დილას“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

„გიორგის წარდგენა არ სჭირდება. იყო საქართველოს ნაკრებისა და „დინამოს“ კაპიტანი დ სულით და გულით დინამოელია. მისი დამატება ზაფხულში გვსურდა, მაგრამ „დილასთან“ კონტრაქტი აკავშირებდა და ვერ წამოვიდა. ახლა გიორგისთან 1+1 წლიან კონტრაქტზე შევთანხმდით, რომელსაც სეზონის ბოლოს ისევ გადავხედავთ. ჩვენ რომ ვისაუბრეთ, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვეოდა. დარწმუნებული ვარ, ნემსაძე იმ შედეგს მიაღწევს, რაზეც ჩვენი გულშემატკივრები ოცნებობენ“, – განაცხადა ზაზა დოლიძემ.

გიორგი ნემსაძე: „მადლობა ამ შემოთავაზებისთვის. ეს პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ვიცი, რა ტრადიცის გუნდში მოვედი და რა არის გულშემატკივრების შეკვეთა. ჩემი პრიორიტეტი „დინამოს“ აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელების მაქსიმალურად დაწინაურებაა. გუნდის გაზრდილები ევროპაში წარმატებით თამაშობენ. ამიტომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ევროპულ დონეზე გაიზარდონ. გუნდმა კი მინდა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს, რაც გულშემატკივარს უყვარს“.

ნემსაძის თქმით, გუნდში საკადრო რევოლუციას არ გეგმავს: „გუნდში შეთამაშებული ბირთვი არსებობს და მისი რადიკალური შეცვლა არ მსურს. იქნებიან მომსვლელები და წამსვლელები, მაგრამ ბირთვის დაშლას არ ვემხრობი. გაძლიერება კი რამდენიმე პოზიციაზე დაგვჭირდება“.

ნემსაძე აცხადებს, რომ მისი ახდენილი ოცნება მხოლოდ „დინამოში“ მუშაობა არ არის: „ახდენილი ოცნება არა გუნდში მუშაობა, არამედ, წარმატებული მუშაობა იქნება. ვიცი, ახლა რა გუნდია, როგორი ფეხბურთელები არიან და რა მოთხოვნებია. აქამდე სადაც წავედი, ჩემს სამწვრთნელო სტაფთან ერთად შედეგი ყველგან გვქონდა. მე მჯერა, რომ წარმატებულ მუშაობას „დინამოში“ შევძლებთ. მიმაჩნია, რომ ამ გამოწვევისთვის მზად ვარ. ახდენილ ოცნებაზე ლაპარაკი კი ძნელია და საამისოდ დიდი გზაა გასავლელი“.

გიორგი ნემსაძის თქმით, მას ასისტენტის როლში ლაშა ჭელიძე დაეხმარება, ხოლო ფიზმომზადების მწვრთნელად უკრაინელი სპეციალისტი იმუშავებს.