გიორგი მუმლაძე - არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო სარეგისტრაციო კოდი დაახლოებით 10 პროცენტს ვერ გაეგზავნა, ვიმედოვნებთ, პრობლემა გამოსწორდება, რადგან ამან შესაძლოა, შედეგებზე დიდი გავლენა იქონიოს
გიორგი მუმლაძე - არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო სარეგისტრაციო კოდი დაახლოებით 10 პროცენტს ვერ გაეგზავნა, ვიმედოვნებთ, პრობლემა გამოსწორდება, რადგან ამან შესაძლოა, შედეგებზე დიდი გავლენა იქონიოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის არჩევნებში დარეგისტრირებულთა 70 პროცენტზე მეტმა მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა, გიორგი მუმლაძე გამოვლენილ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სისტემამ დაახლოებით ათ პროცენტს ვერ გაუგზავნა სარეგისტრაციო კოდი, რომლის საშუალებითაც ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ.

„ეს არის ძალიან დიდი ციფრი. ახლა ველოდებით ამის გამოსწორებას და იმედი გვაქვს, დროულად გამოსწორდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაოდენობრივად ეს იმდენად დიდი ციფრია, რომ თუ ეს ადამიანები ვერ მოახერხებენ ხმის მიცემას, ამან შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ჩემმა წარმომადგენელმა ეს საკითხი კომისიაზეც დააყენა და ელოდებიან გამოსწორებას. იმის ფონზე, რომ ჩავარდა გაფილტვრის პროგრამა, ასევე ბევრ ადამიანს არ ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, თუ ეს არ აღმოიფხვრა, სამწუხარო შედეგები იქნება. გაფილტვრის პროგრამამ 160 ადამიანი გაფილტრა, რაც არის მიზერული, სინამდვილეში, არ იმუშავა ამ პროგრამამ. ყველა მხარე მიხვდა, რომ ის პროგრამა, რომელიც შემოგვთავაზა მმართველმა მენეჯერმა, იყო სუსტი და ვერ პასუხობდა გამოწვევებს. არჩევნებს აქვს ორი ფაზა: არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ. ჩვენ ეს პრობლემები წამოვწიეთ და ვთქვით საჯაროდ, თუ გავლენას იქონიებს შედეგებზე, ამასაც საჯაროდ ვიტყვით. არ ვაპირებთ, ვინმეს რამე გავუტაროთ. პირველ ეტაპზე შეიძლება, გონივრულად გადაიწიოს კენჭისყრის ვადამ, მეტი დრო დასჭირდეს, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. ტექნიკურად ყველაზე სწრაფად ეს შეიძლება ჩაითვალოს.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი უნდა გადაწყვიტონ ჩვენმა მხარდამჭერებმა. თუ უნდათ, პარტია იყოს ძლიერი, მოქმედი და ორიენტირებული რუსული რეჟიმის დამარცხებასა და მიხეილ სააკაშვილის სწრაფად გათავისუფლებაზე, მაშინ ცვლილებებს უნდა დაუჭირონ მხარი და დამიჭირონ მხარი მე. მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მიიღებენ და ცვლილებებს დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა გიორგი მუმლაძემ.