გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას ეშინია კრიტიკის, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისგან მოდიოდეს
გიორგი მშვენიერაძე - ხელისუფლებას ეშინია კრიტიკის, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისგან მოდიოდეს

მმართველმა პარტია არღვევს პირობას, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მეორე მოსმენა არ გაიმართებოდა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ესწრება, სადაც კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მშვენიერაძის შეფასებით, საკანონმდებლო პროცესში კანონპროექტის კომიტეტებზე განხილვას ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.

მისი თქმით, სწორედ კომიტეტზე წყდება, თანხმდება და დისკუსია იმართება თითოეულ მუხლზე, თუ რომელი დარჩება კანონპროექტში.

„შესაბამისად, ერთადერთი გზა, სადაც შეუძლია, სამოქალაქო საზოგადოებას ჩართულობის საშუალება ჰქონდეს კანონპროექტის განხილვაში, არის საკომიტეტო მოსმენა. პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ თავის დროზე პირობა დადო, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გარეშე მეორე მოსმენა, საკომიტეტო მოსმენა არ გაიმართებოდა. თუმცა როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნება“ ამ პირობას არღვევს და ალბათ იმიტომ, რომ სწორედ ჩვენი ჩართულობით არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მისი ვარაუდით, მმართველ გუნდს სურს, პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე წარიმართოს.

„უნდათ, ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ საპარლამენტო განხილვაში გადაიტანონ, რაც ძალიან არასწორია. დარწმუნებული ვარ, ყველა, მათ შორის ვენეციის კომისიაც ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეს პროცესი ფართო ინკლუზიურობით წარიმართოს. ეს მათ შორის საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს“, – განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლებას კრიტიკის ეშინია.

„ერთადერთი, რაც შეიძლება ამას დაერქვას ისაა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკის, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისგან მოდიოდეს. ამიტომ აპირებს პროცესი ჩაკეტოს და ღია არ იყოს,  რათა კანონის სახით იოლად მოახერხოს სასურველი ნორმების გატანა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

დატოვე კომენტარი