გიორგი მიქაუტაძემ ესპანეთის ლა ლიგის შეხვედრაში მადრიდის „რეალს“ გაუტანა, მაგრამ „ვილიარეალი“ დამარცხებას ვერ გადაურჩა – 1:3.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ მე-8 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი თავიდან სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მეორე ტაიმის დაწყებისთანავე შევიდა.
„რეალი“ 47-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა დააწინაურა. 62-ე წუთზე მიქაუტაძეზე უხეშობისთვის მსაჯს მადრიდელთა კარში პენალტის დანიშვნაც შეეძლო, მაგრამ თამაში გააგრძელა, 69-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანი „ვილიარეალის“ კარში დაინიშნა და ვინისიუს ჟუნიორმა დუბლი შეასრულა.
73-ე წუთზე მიქაუტაძემ „რეალს“ საჯარიმოს სიახლოვიდან ძალიან ეფექტური დარტყმით გაუტანა. რამდენიმე წუთში სტუმრებს სანტიაგო მოურინიო გაუძევეს და კაცნაკლულ მეტოქეს კილიან მბაპემ მესამე გოლი გაუტანა.
ეს ლა ლიგაში გიორგი მიქაუტაძის მეორე გოლია, სულ კი „ვილიარეალში“ ყველა ტურნირზე მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.