გიორგი მიქაუტაძე - ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ობიექტურ, გამჭვირვალე პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომელიც მისაღები იქნება მთელი ქვეყნისთვის 
გიორგი მიქაუტაძე - ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ობიექტურ, გამჭვირვალე პროცედურებსა და კრიტერიუმებზე, რომელიც მისაღები იქნება მთელი ქვეყნისთვის 

ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების რაც შეიძლება დროული მიღების საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება.

როგორც ვენეციის კომისიის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს შეხვედრაზე საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტზე საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები გააცნეს, ასევე უზენაეს სასამართლოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოაწოდეს.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია ვენეციის კომისიას არსებული ვითარების შესახებ, ასევე კანონპროექტთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები და შენიშვნები, ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში  ვითარების შესახებ, რომ არის ძალიან გართულებული ვითარება,  ვინაიდან მოსამართლეების ძალიან მცირე რაოდენობაა და  ვთხოვეთ, რაც შეიძლება დროულად იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

რაც შეეხება, საბჭოს წევრების მოლოდინს, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით, გიორგი მიქაუტაძეს წინასწარ  პროგნოზის გაკეთება უჭირს.

„ვფიქრობ, რთული იქნება პროგნოზის წინასწარ გაკეთება,  ზუსტად როგორ რეკომენდაციას მოგვცემს ვენეციის კომისია. თუმცა, ჩვენ ველოდებით, რომ ვენეციის კომისია მიგვითითებს ისეთ ობიექტურ, გამჭვირვალე პროცედურებზე და კრიტერიუმებზე, რომ საბჭომ ერთი მხრივ, შეძლოს თავისი უფლება-მოსილების განხორციელება, პროცესი ჩიხში არ შევიდეს და დროულად დაკომპლექტდეს უზენაესი სასამართლო, მეორე მხრივ, ეს პროცედურები იყოს მისაღები ჩვენი საზოგადოებისთვის, სასამართლო სისტემისთვის და მთელი ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა ემსახუროს სასამართლო სისტემა“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ამასთან, მან საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კრიტიკა ხელოვნურად წამოჭრილი თემაა.

„არის მცდელობა, კანონი იყოს მორგებული გარკვეულ პიროვნებებზე და ზუსტად ამას საუბრობენ არამოსამართლე წევრები, რომ არამოსამართლე წევრი არის ექვსი, თუმცა ჩვენ ვართ უმცირესობაში და ერთ ან ორ ადამიანს გამოყოფენ.  საბოლოო ჯამში, მივდივართ იქამდე, რომ ერთ ან ორ ადამიანს უნდა ჰქონდეს რაღაც ვეტოს უფლება, როგორც ადრე ჰქონდა პრეზიდენტის წარმომადგენელს,  როცა სათათბირო ორგანო იყო საბჭო. ერთ ადამიანს, პრეზიდენტის წარმომადგენელს შეეძლო, შეეჩერებინა მთელი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. დაახლოებით ასეთ რაღაცას ამბობენ, რაც  ვფიქრობ, არასწორია.  ინტერესთა კონფლიქტის საკითხები არის ხელოვნურად წამოჭრილი თემა, რადგან სამივე ეტაპზე, როდესაც ტარდება კენჭისყრა, ორი ეტაპიდან საერთოდ გამორიცხული არის კანდიდატი საბჭოს წევრების მონაწილეობა, ხოლო ერთ ეტაპზე ის ვერ მონაწილეობს მისი კანდიდატურის განხილვაში. ამიტომ ვფიქრობ, წარმოდგენილ კანონპროექტში  კარგად არის ასახული ინტერესთა კონფლიქტების საკითხი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.