გიორგი მიქაუტაძე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი დროულად იყოს მიღებული
გიორგი მიქაუტაძე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტი დროულად იყოს მიღებული

ძალიან კარგია, რომ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონპროექტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე პარლამეტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობასა და ოპონენტების ბრალდებას, რომ განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

მიქაუტაძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კანონპროექტის დროულად განხილვა, რათა უმაღლეს ინსტანციაში სამართალწარმოების პროცესი არ შეწყდეს.

„საუბარი არის მხოლოდ მეორე მოსმენაზე და მეორე მოსმენა უნდა დალოდებოდა თუ არა ვენეციის კომისიის დასკვნას, ვფიქრობ, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. ის, რომ  კანონპროექტზე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, ძალიან კარგია. არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს პარლამენტს, უზენაეს სასამართლოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი მიღებული იყოს დროულად და არ მოხდეს წლების განმავლობაში ამ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ფაქტობრივად,  უზენაეს სასამართლოში სამართალწარმოების პროცესი შეიძლება,  აღარც მიმდინარეობდეს ძალიან მალე, რადგან სულ უფრო მცირე რჩება მოსამართლეთა რაოდენობა. აქედან გამომდინარე მივესალმები, რომ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზე“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება, ანა დოლიძის განცხადებას, რომ  2016 წლიდან პარლამენტს, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ უზენაეს სასამართლოში ნომინირებული კანდიდატები ჰყავს და უმაღლეს ინსტანციაში მოსამართლეთა ნაკლებობის პრობლემის მოგვარების მიზნით, შეეძლო, პირველ რიგში მათთვის ეყარა კენჭი, მიქაუტაძე პასუხობს, რომ ყოფილი პრეზიდენტი კანდიდატებს, პროცედურის დაცვის გარეშე წარადგენდა.

„ჩვენ ძალიან ბევრჯერ გავიხსენეთ მაგალითები, ყოფილი პრეზიდენტი როგორ აკეთებდა მოსამართლეების ნომინირებას, რა კადრებს არჩევდა, საიდან არჩევდა, რა კრიტერიუმებზე, რა სამართლებრივი საფუძვლებით წარადგენდა, როგორ საჯაროობას ჰქონდა მაშინ ადგილი. მივდივართ ყოველ ჯერზე ერთი და იმავე შედეგამდე, რომ ყოფილი პრეზიდენტი საერთოდ არანაირ პროცედურას არ ახორციელებდა. პირდაპირ ასე, როდესაც მოესურვებოდა, მაშინ დააყენებდა ერთ მშვენიერ დილას კანდიდატს საქართველოს პარლამენტის წინაშე“, – განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც საერთოდ უპროცედუროდ წარდგენილი კანდიდატები ერთხელაც არავის გაუკრიტიკებია, კრიტიკის საგანი ხდება კანონპროექტი, რომელიც ძალიან ბევრ სხვადასხვა პროცედურასა და დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლსობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.