გიორგი მიქაუტაძე - სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი სამართლიანი იყო
გიორგი მიქაუტაძე - სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი სამართლიანი იყო

ვფიქრობ, ომბუდსმენის რეკომენდაციების ნაწილი სამართლიანი იყო, – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ სახალხო დამცველის მოადგილის მიერ დღეს წარდგენილი ანგარიში, სადაც საუბარია 2017 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ დოკუმენტში მართლაც არის საფუძვლიანი შენიშვნები, რასაც თავად საბჭოს წევრებიც ეთანხმებიან, თუმცა მისივე თქმით, არსებული კრიტიკის ნაწილი უსაფუძვლოა.

„ვფიქრობ, რეკომენდაციების ნაწილი სამართლიანი იყო . ვეთანხმები, რომ ადმინიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ მიმართულებით აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. აგრეთვე საუბარი იყო სახალხო დამცველის ანგარიშში დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის ხარვეზებზე და ამ მიმართულებითაც გატარდა რეფორმა და ამჟამადაც მიმდინარეობს, ამ მიმართულებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩართულია. გარკვეულწილად ეთანხმება იმ შენიშვნებს, ვინაიდან ჩვენ ვმუშაობთ ახალ პროექტზე დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ, თუმცა იყო ისეთი შეფასებებიც, რომლებიც აშკარად უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს სასამართლო სისტემას და ეს არ იყო ფაქტებით გამყარებული. უმეტესად საუბარი იყო თავმჯდომარეების არასასურველ გავლენებზე. ჩვენ ჩავეძიეთ და კონკრეტული ფაქტები მოვითხოვეთ, თურმე საუბარი არის მხოლოდ ერთადერთ ფაქტზე, რომლის დასახელებაც შეუძლია სახალხო დამცველს“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა. ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ დოკუმენტის განხილვა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.