გიორგი მიქაუტაძე - საერთო სასამართლოების სისტემაში კვლევა ჩატარდა გამჭვირვალედ, არ არსებობს ეჭვის საფუძველი
გიორგი მიქაუტაძე - საერთო სასამართლოების სისტემაში კვლევა ჩატარდა გამჭვირვალედ, არ არსებობს ეჭვის საფუძველი

კვლევა ჩატარდა აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს,- ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე, დღეს საბჭოს მიერ გასაჯაროებულ კვლევის შედეგებს, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემაში ჩატარდა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა, 69,5% (1943) სრულად ენდობა სასამართლოს.

გიორგი მიქაუტაძე საბჭოს არამოსამართლე წევრების ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ კვლევის მეთოდოლოგია და სანდოობა ეჭვქვეშ დააყენეს.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლისთვის კოლეგების უნდობლობა გაუგებარია. მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ სასამართლო სისტემის მაღალი ნდობის მაჩვენებელი კვლევის ჩატარების ადგილმა განაპირობა. მისივე შეფასებით, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოს მომხმარებელთა ნდობა სისტემის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვა პირების.

„კვლევა ჩატარდა, აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ. არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რადგან კვლევა ტარდებოდა საჯარო შენობაში, გამჭვირვალედ. ნებისმიერს შეუძლია გადაამოწმოს ეს მონაცემები, რომელიც სრულ შესაბამისობაშია რეალობასთან რაც ჩვენ დღეს გვაქვს. ყველაზე წამყვანი კვლევითი ორგანიზაციის, „იფსოსის“ მიერ ჩატარებულ კვლევასაც თუ უნდობლობას უცხადებენ, აქ უკვე მათ აქვთ პრობლემები. გვაქვს გარეშე პირების მიერ ჩატარებული კვლევაც რომელსაც ასევე უნდობლობას უცხადებენ, გვაქვს შიდა რესურსით ჩატარებული გამოკითხვა, რაც მიღებული მეთოდია წამყვან, განვითარებულ ქვეყნებში. სასამართლო თავისი რესურსით აკეთებს მომხმარებლების გამოკითხვას, რათა შემდგომში დადგინდეს, თუ რა ხარვეზები აქვს პროცესს. ახალი არაფერია იმაში, რომ ადამიანები, ვინც სასამართლოში დადიან, უფრო მეტად ენდობიან სასამართლოს ვიდრე ადამიანები რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან იგებენ ინფორმაციას“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, იუსტიციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.