გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა
გიორგი მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა

ვფიქრობ, რომ არასწორი ინტერპრეტაციაა იმის, რაც ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით იყო გამოთქმული, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძემ მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა მიქაუტაძეს კომენტარი სთხოვეს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ გაზიარებული იქნება ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან.

„მე პირადად, ასე გავიგე ეს, რომ თუ რეკომენდაციები ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით შეეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაძლებელია ასეთი სახის რეკომენდაციები არ იყოს გათვალისწინებული. ეს ლოგიკური და ბუნებრივიც არის, რადგან კანონი ვერ იქნება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში. ასეთი რაღაც შეუძლებელია. ვფიქრობ, აქ განსაკუთრებული არაფერი იყო ნათქვამი, უბრალოდ გამოითქვა პოზიცია“,- განაცხადა მიქაუტაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ იუსტიციის საბჭოს წევრები, მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ საკითხს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ხვალინდელ შეხვედრაზე განიხილავენ.

„ხვალ გვექნება შეხვედრა ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან და ვიმსჯელებთ ამ კანონპროექტზე, რომელიც ერთი მოსმენით არის მიღებული და გადაეგზავნა ვენეციის კომისიას.ჩვენთვის ძალიან საყურადღებოა თითოეული რეკომენდაცია და თუ დააკვირდებით, სასამართლო რეფორმის ყველა ეტაპზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო გათვალისწინებული, ჰქონდა ყველაზე დიდი წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა სასამართლოს რეფორმის პროცესში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა ვენეციის კომისიის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებს“,- აღნიშნა მიქაუტაძემ.