გიორგი მიქაუტაძე - ეკა ბესელიას განცხადება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩაბმული 
გიორგი მიქაუტაძე - ეკა ბესელიას განცხადება მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურ პროცესებში იყოს ჩაბმული 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იმოქმედა საქართველოს კონსტიტუციით და ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფელებამოსილებით, სრულებით კანონიერად წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

„ის განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა და მათ შორის ქალბატონი ეკა ბესელიას განცხადებაც, ვფიქრობ, რომ მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ რაღაც პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს პოლიტიკურ ასპარეზზე, ჩაბმული იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სასამართლო სისტემა, ეს არის ნამდვილად არასწორი ნაბიჯი.

სასამართლო სისტემას არ აქვს საქმე პოლიტიკურ პროცესებთან და ჩვენ ვემიჯნებით იმ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს სასამართლო სისტემის და წარდგენილი კანდიდატების დისკრედიტაციისკენ. მე სხვა შეფასებას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. წარდგენილია სია და მასზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა. დღევანდელი მოცემულობით ასეთი მდგომარეობაა“,- განაცხადა მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, საბჭოს არც ერთი პროცედურა და არც ერთი საკანონმდებლო დანაწესი, რომელიც არსებობს და მოქმედებს დღეს, არ დაურღვევია იმით, რომ მოსამართლეები წარუდგინა პარლამენტს.

„პირიქით, მე ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო აბსოლუტურად აუცილებელი უზენაესი სასამართლოს ნორმალურად ფუნქციონირებისთვის და ჩვენ ავიღეთ ეს პასუხისმგებლობა, გადავდგით ეს ნაბიჯი.

აქვს ადგილი მცდელობას, რომ რაღაც პოლიტიკურ სარჩულად იქნას გამოყენებული მოვლენები, რომლებიც განვითარდა დღევანდელი მდგომარეობით. ისიც კი წავიკითხე, რომ კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომას უკავშირდება სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ჩვენ არცერთხელ არ დაგვიყენებია ასეთი მოთხოვნა, რომ დაჩქარებულ ან დაუჩქარებელ ვადებში ყოფილიყო საკითხი განხილული.

ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობის ის ნაწილი, რომელიც ამ პროცესში ეკუთვნოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და წარვადგინეთ კანდიდატები. ახლა ამ კანდიდატების თაობაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პარლამენტმა. ეს არის სამართლებრივი პროცესი. სხვა განცხადება, რომელიც კეთდება, არის პოლიტიკური სარჩულის მქონე და ჩვენ ამ განცხადებებს ვემიჯნებით. სასამართლო სისტემა არ იქნება ჩათრეული და ჩაყოლებული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს“,-განაცხადაა მიქაუტაძემ.

ეკა ბესელიამ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გაუმართლებელი პროცესი შეჩერდა.