გიორგი მიქაუტაძე - ჩემს კარიერულ წინსვლაზეც ვფიქრობ, ვეცდები, რომ უვადო მოსამართლედ დავინიშნო
გიორგი მიქაუტაძე - ჩემს კარიერულ წინსვლაზეც ვფიქრობ, ვეცდები, რომ უვადო მოსამართლედ დავინიშნო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის მიხედვითაც მოსამართლეების შერჩევა უნდა მოხდეს, ორ ვაკანსიაზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობაზე, განაცხადი შეტანილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს.

კონკურსში მონაწილეობის მოტივად, გიორგი მიქაუტაძე უვადოდ გამწესების სურვილს ასახელებს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადა რამდენიმე წელში ეწურება, სურვილი აქვს, რომ უვადოდ გამწესებასთან ერთად კარიერულ წინსვლაზე იზრუნოს.

„მე ვარ ვადიანი მოსამართლე, დაახლოებით სამი წელი მაქვს უფლებამოსილების ამოწურვამდე და რა თქმა უნდა, ჩემს კარიერულ წინსვლაზეც ვფიქრობ. ვეცდები, რომ უვადო მოსამართლედ ვიყო დანიშნული. განაცხადი შეტანილი მაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც დღეს ვარ გამწესებული და ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოში”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 43 ვაკანტურ ადგილზე, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც განაცხადი შეტანილი აქვს, როგორც საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ასევე საბჭოს მოქმედ წევრებს.

პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვასილ მშვენიერაძეს, ინსტანციის შეცვლა სურს და განაცხადი სააპელაციო სასმართლოში გადასვლაზე აქვს შეტანილი.

ასევე, სიაშია საბჭოს კიდევ ორი წევრი ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია. ბონდარენკოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ხოლო ნადარაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში გადასვლა სურთ.