გიორგი მიქაუტაძე - ცდილობენ, შეაფერხონ და უკუსვლით წაიყვანონ სასამართლოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები
გიორგი მიქაუტაძე - ცდილობენ, შეაფერხონ და უკუსვლით წაიყვანონ სასამართლოში განხორციელებული წარმატებული რეფორმები

საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესის საბჭოს გაფართოებული, გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.

სხდომა საქალაქო სასამართლოს პირველ დარბაზში ტარდება. სხდომას ესწრებიან სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია.

სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხია, ცხრა დეპუტატის მიერ დარეგისტრირებული ინიციატივა, რომელიც 2025 წლამდე პირველ და მეორე ინსტანციაში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებს.

საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძის თქმით, გასვლითი სხდომის აუცილებლობა განსახილველი საკითხის აქტუალობამ გამოიწვია.

რაც შეეხება კანონპროექტს, მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ ინიციატივა არაკონსტიტუციურია და კონკრეტულ პიროვნებებზეა მორგებული.

მისივე მტკიცებით, მოსამართლის უვადოდ გამწესება არის დამოუკიდებლობის მაღალი გარანტი, რომლის შეჩერებასაც ცდილობენ.

„დღის წესრიგში გვაქვს საკითხი, რომელიც გასულ კვირას გახმაურდა და ეხება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას პირველ და მეორე ისტანციაში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი მოსამართლე იყო დაინტერესებული, რომ დასწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, რის საშუალებასაც არ იძლევა დარბაზი, რომელიც საბჭოს შენობაში განთავსებული. ჩვენ ალტერნატივის სახით შევარჩიეთ ყველაზე დიდი დარბაზი, რომელიც გვაქვს განკარგულებაში და ამას დამატებითი სახსრები არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მიქაუტაძის განმარტებით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არის ძალიან ხანგრძლივი და კარგი რეფორმის შედეგი, რომელიც სასამართლო სისტემამ წლების განმავლობაში მიიღო.

„დღეს არის მცდელობა, რომ ეს პროგრესული გზა, რომელიც სასამართლო სისტემის სრულყოფილ დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანს, შეჩერდეს. სამართლებრივად ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ასეთი რაღაცა. საქართველოს კონსტიტუცია მიუთითებს, რომ მოსამართლე უვადოდ ინიშნება და გამონაკლისი არსებობს მხოლოდ ერთი წესი. გარდამავალ დებულებებში წერია, რომ პირველად დანიშვნის შემთხვევაში სამი წლის ვადით ინიშნებიან, სხვა გამონაკლისს საქართველოს კონსტიტუცია უბრალოდ არ უშვებს. მეორეა მიზანშეწონილობის საკითხი და არგუმენტები, თუ რატომ ცდილობენ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ცდილობენ კანონპროექტი კონკრეტულ პიროვნებებს მოარგონ, რაც ცალსახად არ არის სწორი. ცდილობენ, შეაფერხონ ის რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოიწონა და რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიესალმება. ცდილობენ, შეაფერხონ და უკუსვლით წაიყვანონ სასამართლოში განხორციელებული ძალიან წარმატებული რეფორმები“, – განმარტა მიქაუტაძემ.