გიორგი მიქაუტაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა
გიორგი მიქაუტაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მიქაუტაძე ეხმაურება. მიქაუტაძის განცხადებით, დეპარტამენტის დასკვნა, რომელშიც გაკრიტიკებულია ქართული სასამართლო სისტემა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ ცრუ ინფორმაციას ეყრდნობა.

„დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული ის წყარო, რომელზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს და ეს წყარო არის ისევ და ისევ კოალიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უკვე გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ გამოთქვამენ ერთსა და იმავე პრეტენზიებს. შემიძლია, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი თითოეულ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილია. თუნდაც, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამა, რომელზეც ჩვენ არაერთი შეხვედრა ჩავატარეთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა მათი პრეტენზია გავაბათილეთ მტკიცებულებებით,რომ ელექტრონული განაწილების პროგრამა მუშაობს ხარვეზების გარეშე და იქ არანაირ ჩარევას ადგილი არ აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც გვესმის მათი მხრიდან ცრუ ფაქტებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციები“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კითხვაზე, იმოქმედებს თუ არა სასამართლოს იმიჯზე აღნიშნული ანგარიში, გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რა წყაროებზე დაყრდნობით კეთდება ანგარიშებში ჩანაწერები.

„ვფიქრობ, არ არის სულერთი, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით კეთდება ჩანაწერები ანგარიშებში, რადგან სწორედ ამ ფაქტებზე და მტკიცებულებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და აქედან უნდა ვეძებოთ პრობლემები. ამიტომ ის წყარო, რომელიც მითითებულია ინფორმაციის საფუძვლად, არის მნიშვნელოვანი. კიდევ ვამბობ, იქ არის მოყვანილი ფაქტები, რომლებზეც ჩვენ გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. არის მნიშვნელოვანი, რა წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების შერჩევის პროცედურის ხარვეზებზეც არის საუბარი. დასკვნაში წერია, რომ საქართველოში კანონმდებლობა უზრუნველყოფს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, თუმცა სასამართლოს მიუკერძოებლობაში ჩარევის ნიშნები რჩება. ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სხვადასხვა პრობლემაზე საუბრობდნენ.

დატოვე კომენტარი