გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან როგორც ყოველთვის იყო აჟიოტაჟის მოხდენის მცდელობა
გიორგი მიქაუტაძე - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან როგორც ყოველთვის იყო აჟიოტაჟის მოხდენის მცდელობა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მხრიდან ცრუ პოპულისტური ინფორმაციის გავრცელებით როგორც ყოველთვის იყო მორიგი აჟიოტაჟის მოხდენის მცდელობა, – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის საბჭოში დღეს მომხდარ დაპირისპირებას საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის.

მისივე თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრები ცდილობენ საბჭოს დისკრედიტაციას. გიორგი მიქაუტაძეს მიაჩნია, რომ დღეს მომხდარი დაპირისპირება არ არის შეურაცხყოფა და ეს არის უბრალოდ მითითება, არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო.

„ვთვლი, რომ შეურაცხყოფა არ არის, როდესაც იტყვი, რომ საკითხი, რომელზეც მსჯელობა მიდის, არის ტყუილი, სიცრუე და ასეთი ფაქტები არსებობდა. თუ ვინმე აღიქვანს რომ ტყუილზე მითითება არის შეურაცხყოფა, მაშინ შეიძლება გვაქვს შეურაცხყოფასთან ადგილი, თუმცა ამას ნამდვილად არ გასცდენია ჩვენი კამათი.

ეს ტყუილი არის განზრახ მიზანმიმართული. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს არაკომპეტენტურობის ბრალია. ეს ტყუილები ემსახურება ერთადერთ მიზანს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას, საბჭოს სხდომების მიმდინარეობისას ხმაურის გამოწვევას ისეთის, როგორიც არაერთხელ გვინახავს და შემდგომ ასეთი პოპულისტური განცხადებების გაკეთებას, რომ თურმე აქ ჩაგვრა მიდის და შეურაცხყოფას აყენებენ წევრებს“, – განაცხადა საბჭოს მდივანმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მოსამართლეობის კანდიდატთა სარეზერვო სია გახდა.